თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული 11 პირის წინასასამართლო სხდომა 31 იანვრისთვის გადაიდო. დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვისას, მოსამართლემ ყველა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, ბონდო ვათიაშვილის თქმით, დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა ემსჯელათ და აღნიშნულის გარდა, დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვა უნდა მომხდარიყო.
,,დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე ორი საკითხი იყო განსახილველი - მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობა და დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვა, თუმცა, მოსამართლემ ჯერ აღკვეთის ღონისძიების გადასიჯვაზე იმსჯელა და პატიმრობა ძალაში დატოვა, რაც შეეხება მტკიცებულებების დასაშვებობას, რომელზეც პირველ რიგში უნდა ყოფილიყო მსჯელობა, ვეღარ მოესწრო და წინასასამართლო სხდომა 31 იანვრისთვის გადაიდო”, - განაცხადა ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ბონდო ვათიაშვილმა.
არასრულწლოვნთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალის დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 5 დეკემბერს დაკავებულ 11 პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 დეკემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, წინასასამართლო სხდომა კი, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მიმდინარეობდა.
დაკავებული 11 პირიდან ერთ-ერთი სკოლის მასაწავლებელი, დანარჩენი კი არასრულწლოვნების მშობლები არიან.
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის საქმეში დაზარალებულად ცნობილია 23 არასრულწლოვანი. მათი ასაკი 8 წლიდან 14 წლამდეა.
აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე გამოძიების პირველ ეტაპზე, სამართალდამცავებმა 19 სექტემბერს 11 პირი დააკავეს, რომელთაგან ორი უცხოეთის მოქალაქეა. 5 დეკემბერს კი, სამართალდამცავებმა გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კიდევ 11 ადამიანი დააკავეს, რომელთა შორის ერთი სკოლის პედაგოგი, 10 კი მშობელია.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143-პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალის უკანონოდ დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულ პირებს 17-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.