წელს, ამ დრომდე, 1352-მა ადამიანმა ისარგებლა როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონიდან და მიიღო ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება სხვადასხვა პროფილურ კლინიკაში, - ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სახელმწიფო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანმა განაცხადა.
,,სახელმწიფო რეფერალური პროგრამით, 2022 წელს, ამ დრომდე, 1352-მა ადამიანმა ისარგებლა როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონიდან და მიიღო ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება სხვადასხვა პროფილურ კლინიკაში.
პარალელურად, გრძელდებოდა აფხაზეთის რეგიონის დახმარება პანდემიასთან საბრძოლველად განკუთვნილი პრეპარატებითა და აღჭურვილობით, ასევე იმუნიზაციის და გრიპის ვაქცინებით, დიაბეტის, ტუბერკულოზის და აივ/შიდსის საწინააღმდეგო მედიკამენტებით; ჯანდაცვის საერთო კომპონენტებზე დახარჯული თანხა კი, წელს, ჯამში, 6 მილიონ ლარს აჭარბებს.
ამასთან, აფხაზეთის რეგიონს რეგულარულად მიეწოდებოდა საჭირო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 600 ათას ლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია, ფაროსანასთან ბრძოლის საშუალებების ჩათვლით", - აღნიშნა ახვლედიანმა საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას.