გორში დასაქმების ფორუმი გაიმართა, სადაც 500-ზე მეტ სამუშაოს მაძიებელს დასაქმების შესაძლებლობა ჰქონდა.
პროექტის - „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“, მხარდაჭერით გამართულ ფორუმზე ვაკანსიები 30-მდე კომპანიამ წარმოადგინა.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც დიდი, ქსელური ბრენდების, ისე ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლები.
სამუშაო ადგილები მოიცავდა კვების, წარმოების, სამშენებლო, საბანკო, სავაჭრო და მომსახურების სფეროებს.
„გორის მაცნესთან“ საუბარში ადგილობრივმა ახალგაზრდა მეწარმემ, ბადრი ციქუბაძემ დადებითად შეაფასა ღონისძიება და თქვა, რომ ფორუმზე 2 ვაკანსია გაიტანა და საინტერესო წინადადებებიც მიიღო სამუშაოს მაძიებლებისგან.
„ამ ეტაპზე სხვადასხვა ზომის და მოცულობის ხილის და ბოსტნეულის დეჰიდრატორებს, ასევე, დამხმარე ტექნიკას ვაწარმოებთ. წარმოების პროცესში გვრჩება დიდი რაოდენობით მეორეული მასალა და გადავწყვიტეთ, ამ ნარჩენებით დავიწყოთ სათამაშოების და სხვა სასარგებლო ნივთების წარმოება. ამ ფორუმზე შევხვდით ადამიანს, რომელიც დაგვეხმარება სათამაშოების გაფორმებაში“, - გვითხრა საწარმო Enlili-ჩირის საშრობი საწარმოს ხელმძღვანელმა ბადრი ციქუბაძემ.
ფორუმის ფარგლებში, სამუშაოს მაძიებლები შეხვდნენ დამსაქმებლებს, გაესაუბრნენ სასურველი ვაკანსიის თაობაზე და წარმოაჩინეს საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით.
ღონისძიება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით მოეწყო, რომელსაც შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის და გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.