საზოგადოება
14.12.2022 14:00
გორის ცენტრში მთავარი ნაძვის ხის აწყობა დასრულდა, ამავე ლოკაციაზე „საშობაო ქალაქის“ მოწყობა მიმდინარეობს

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ადმინისტრაციული შენობის წინ, მთავარი ნაძვის ხის აწყობა დასრულდა. პარალელურად, ამავე ლოკაციაზე, უკვე დაიწყო ,,საშობაო ქალაქის“ მოწყობა. როგორც GMnews-ს გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა, რამაზ შიოშვილმა განუცხადა, ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი აქტიურად მიმდინარეობს.

„საახალწლო სამზადისი წელს გაცილებით ადრე დავიწყეთ, ქალაქის ქუჩებში მიმდინარეობს საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი, თითქმის დასრულდა ნაძვის ხის აწყობა-მორთვაც და 16 დეკემბერს, 19:00 საათზე სიმბოლურად ავანთებთ. რაც შეეხება უშუალოდ გასართობ სხვა ღონისძიებებს, გეტყვით, რომ არაერთი აქტივობა იგეგმება, რომელსაც ახლო მომავალში დავაანონსებთ“, - აღნიშნა რამაზ შიოშვილმა.

რაც შეეხება დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებს:

გორის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებებს 15 დეკემბერს ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ნართები“ გახსნის. კონცერტი გ. ერისთავის სახელობის თეატრში 19:00 საათზეა ჩანიშნული.

16 დეკემბერს 19:00 საათზე ქალაქის მთავარი ნაძვისხე აინთება, ხოლო 17 დეკემბერს მსმენელთან შესახვედრად ჯგუფი LOUDspeakers-ი ემზადება.

18 დეკემბერს, 18:00 საათზე გორის გოგონათა გუნდი და ნიკოლოზ რაჭველი გორის თეატრში საქველმოქმედო საღამოს გეგმავენ.

მთავარი საახალწლო გალა-კონცერტი კი, ტრადიციულად, 31 დეკემბერს ქალაქის ცენტრში გაიმართება.

16 იანვრიდან პატარებს საშობაო ქალაქი და ატრაქციონები ელის.

 

კვირის ამბები