საზოგადოება
14.12.2022 12:44
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, საეჭვო ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და ხორცის შენახვის პირობები, ხორცის შეძენისაგან თავი შეიკავოს. როგორც სეს-ის სპეციალისტები აცხადებენ, ახალი წლის დღეებში ხორცპროდუქტების მოხმარება იმატებს. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, კი, ხშირად ხორცის რეალიზება ხდება არაკეთილსაიმედო გარემოში, სადაც არ არის დაცული შენახვის პირობები; უცნობია ხორცის წარმომავლობა, საქონლის დაკვლის ადგილი. ამასთან, არაოფიციალურ სავაჭრო ადგილებში ხორცისა და მისგან წარმოებული პროდუქტის ფასი, შესაძლოა, მცირედით განსხვავდებოდეს სპეციალიზებულ მაღაზიებში, აგრარულ ბაზრებსა და ჰიპერმარკეტებში არსებული ფასებისაგან, თუმცა, მნიშვნელოვანია, მოსახლეობას ახსოვდეს, რომ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისგან (რძე, ყველი, თევზი და ა.შ.) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია.
„ინფიცირებული ცხოველისგან ადამიანი შეიძლება დაავადდეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით.
ხორცის შეძენისას, მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს რიგ გარემოებებს:
ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით; ეტიკეტი თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს განთავსებული;
ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
ქვეყნის დასახელება, სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი; დამზადებისა და გამოყენების თარიღი და დრო; თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო“), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი;
თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება; საქონლის ხორცის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას შესაძლებელია QR კოდის მეშვეობითაც.
სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული ხორცი.
არაორგანიზებულ სავაჭრო ადგილებში ხორცისა და მისგან წარმოებული პროდუქტის ფასი, შესაძლოა, მცირედით განსხვავდებოდეს სპეციალიზებული ობიექტებში არსებული ფასებისაგან, თუმცა, მნიშვნელოვანია მოსახლეობას ახსოვდეს, რომ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისგან (რძე, ყველი, თევზი და ა. შ) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
 
 
კვირის ამბები