სამართალი
20.01.2020 15:46
თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით გორის მუნიციპალიტეტში  დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ. მტკიცებულებების დასაშვებობის გარდა, დაკავებულების მიმართ  აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობაც გადაისინჯება.

არასრულწლოვნთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალის დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 5 დეკემბერს დაკავებულ 11 პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 დეკემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებული 11 პირიდან ერთ-ერთი სკოლის მასაწავლებელი, დანარჩენი კი არასრულწლოვნების მშობლები არიან.

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის საქმეში დაზარალებულად ცნობილია 23 არასრულწლოვანი. მათი ასაკი 8 წლიდან 14 წლამდეა.

პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 24 პირია დაკავებული.

საქმის პროკურორის, მარიამ გოგორელიანის განცხადებით, სხდომაზე ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის და გამოყენებული აღკვეთი ღონისძიების ძალაში დატოვების საკითხი განიხილება. მისივე თქმით, არის მტკიცებულებები, რომელიც დაცვის მხარეს ნუსხაში მითითებული აქვს, თუმცა, ეს მტკიცებულებები წარმოდგენილი არ აქვს.

,,ბრალდების მხარეს არაერთი მტკიცებულება აქვს, რომელთა შორის არის ფარული სატელეფონო საუბრები, სოციალური ქსელიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, სატელეფონო ანძებით მიღებული ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდნენ კონკრეტული მშობლები ფოტოსესიის დროს, არის მოწმეთა გამოკითხვის ოქმები და საბანკო ინფორმაცია, რითიც თანხების ჩარიცხვები დასტურდება“, - განაცხადა საქმის პროკურორმა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143-პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალის უკანონოდ დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულ პირებს 17-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე გამოძიების პირველ ეტაპზე, სამართალდამცავებმა 19 სექტემბერს 11 პირი დააკავეს, რომელთაგან ორი უცხოეთის მოქალაქეა. 5 დეკემბერს კი, სამართალდამცავებმა კიდევ 11 ადამიანი დააკავეს, რომელთა შორის ერთი სკოლის პედაგოგი, 10 კი, მშობელია.

კვირის ამბები