საზოგადოება
13.12.2022 13:09
სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმირების შემდეგ, ყველა პირი სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლის

სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმირების შემდეგ, ყველა პირი, სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლის. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2025 წლის 1 იანვრიდან შეიქმნება ეფექტური სისტემა და პროგრამები, რომლებიც თეორიულ სწავლებასთან ერთად, ინტენსიურ საბრძოლო სამხედრო მომზადებასაც მოიცავს. ამასთანავე, 23 წლამდე ასაკის სტუდენტები, რომლებიც გადაწყვეტენ სამხედრო სამსახური სტუდენტობის დროს გაიარონ, შეძლებენ 4 წლის განმავლობაში, წელიწადში ერთი თვე გაიარონ სამხედრო ბაზებზე მომზადება. შედეგად კი 4 წლის თავზე გავლილი ექნებათ სავალდებულო სამხედრო სამსახური.

 „აღნიშნული კანონპროექტის განხორციელება, ეს არის ერთ-ერთი საოცნებო საკითხი პირადად ჩემთვის და ზოგადად ყველასთვის, რადგან უკავშირდება ჩვენს მომავალ თაობას, ჩვენი ახალგაზრდების აღზრდას, მათში პატრიოტული, ეროვნული სულისკვეთების ამაღლებას, გაძლიერებასა და დამატებითი მოტივაციის მიცემას. კოდექსზე დიდი ხანია მიმდინარეობდა მუშაობა. დეტალურად შევისწავლეთ უცხო ქვეყნების გამოცდილებაც, მათ შორის, საუკეთესო პრაქტიკები დავამუშავეთ. აღნიშნული კოდექსი ძალიან დიდი სიახლე იქნება და, რეალურად, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები დაიწყება თავდაცვის უწყებაში. სავალდებულო სამხედრო სამსახური გადავა მთლიანად თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, შეიქმნება ეფექტიანი სისტემა და პროგრამა იქნება მინიმუმ 6-თვიანი, პროექტი დაგვიჯდება 80 მილიონ ლარზე მეტი  - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, წვევამდელების ნაწილი სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავდაცვის უწყების გარდა,შსს-სა და იუსტიციის სამინისტროების ქვემდებარე დანაყოფებშიც გადიოდა.

კვირის ამბები