საზოგადოება
13.12.2022 12:06
ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები 5 ახალი მიმართულებით დაიწყება, ამჟამად არსებულ რეისებს კი სიხშირეები დაემატება

ივნისში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები 5 ახალი მიმართულებით დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

ამჟამად არსებული რეისების გარდა, ფრენები განხორციელდება შემდეგი მიმართულებით: ბრიუსელი, მადრიდი, ფრანკფურტი, პოზნანი და ჰამბურგი.

„სტრატეგიულ პარტნიორთან მოლაპარაკებები წარმატებით დავასრულეთ, რის შედეგადაც, Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2023 წლის ივნისიდან მესამე ბაზირებულ ხომალდს აბრუნებს და პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას ევროპის 5 ახალი მიმართულებით დაიწყებს. Wizz Air-ის მესამე ბაზირებული ხომალდი ახალი მიმართულებების გარდა, უკვე არსებულ მიმართულებებზე ფრენის სიხშირეების გაზრდისა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

5-ვე მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება, ხოლო, პარიზის, მილანის, პრაღისა და მემინგენზე არსებულ სიხშირეებს თითო სიხშირე დაემატება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

კვირის ამბები