საზოგადოება
13.12.2022 11:35
თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, გორში მრავალსართულიან კორპუსებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, გორში, ბაქოს ქუჩა #12-ში მდებარე მრავალსართულიან კორპუსში კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც გორის მერიის ხელშეწყობით და ადგილობრივი მოსახლეობის ინიცირებით ხორციელდება.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის გარდა, პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურული სამუშაოები 30 მრავალსართულიან კორპუსში დაიგეგმა. კერძოდ, 10 კორპუსში კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდა; 6 კორპუსში - სადარბაზოების; 6 კორპუსში - სახურავის; 3 კორპუსში - ეზოს; 2 კორპუსში - ლიფტის; 2 კორპუსში - ფასადის; 1 კორპუსში კი სასმელი წყლის რეაბილიტაცია განხორციელდა. მათ შორის, 14 პროექტი დასრულდა, 16 კი სამუშაოები ისევ მიმდინარეობს.

„ამხანაგობების ინიცირებული პროექტების ღირებულების 90%-ი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის საერთო ღირებულების 90%-ის გარდა, თვითმმართველობა სრულად ფარავს ამხანაგობების სოციალურად დაუცველი წევრების ფინანსურ წილსაც“, - ნათქვამია მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ პროგრამის ფარგლებში ამხანაგობას შეუძლია სახურავის, სასმელი და საკანალიზაციო ქსელის, კორპუსის ფასადის, ლიფტების, სადარბაზოების და ეზოების რეაბილიტაცია.

აღნიშნული პროგრამა მოქალაქეებს მინიმალური ფინანსური თანამონაწილეობით მცირე მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს.

კვირის ამბები