,,მოსახლეობა უკიდურესად სტრესულ მდგომარეობაშია, ეს არის ფსიქოლოგიური სტრესი, შიშობენ, რომ ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში, ოკუპირებულ დაბაში შესაბამის სამედიცინო სერვისს ვერ მიიღებენ და საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებიან. გარდა ამისა, გახუთმაგდა ფასები პროდუქტებზე“, - განაცხადა GMnews-თან საუბრისას ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
135 დღე გავიდა, რაც ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული ახალგორი იზოლაციაშია მოქცეული.
,,მოსახლეობა ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშაა, შიშობენ, რომ ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში, ოკუპირებულ დაბაში შესაბამის სამედიცინო სერვისს ვერ მიიღებენ და საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებიან. მედიკამენტებიც კი არ არის ახლგორში, სხვა სამედიცინო სერვისებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ძალზე გაძვირდა ფასები პროდუქტებზე, რაც კიდევ უფრო მეტ პრობლემას უქმნის ისედაც ცუდ მდგომარეობაში მყოფ ახალგორელებს. პროდუქტების უმრავლესობა ახალგორში ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შედიოდა, მას შემდეგ კი, რაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გზები ჩაკეტეს, ყველაფერი ვლადიკავკაზიდან, ცხინვალის გავლით შედის დაბაში, რაც იმას იწვევს, რომ ფასები ხუთმაგი და ექვსმაგია. მაგალითად, მანდარინი, რომელიც აქ 1 ლარი ღირს, ახალგორში 5-6 ლარად იყიდება. ძალზე მაღალი ფასებია სხვა სახის ხილსა და ბოსტნეულზეც. მოსახლეობა ძალზე უკმაყოფილოა და როდესაც ე.წ. პრეზიდენტი ახალგორის მოსახლეობას შეხვდა, ეს უკმაყოფილება და პროტესტი არც დაუმალავთ ამ შეხვედრაზე და ბევრმა დარბაზიც დატოვა პროტესტის ნიშნად. 5 თებერვალს 5 თვე გახდება, რაც ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაიკეტა. საოკუპაციო რეჟიმს, ფაქტობრივად, მძევლად ჰყავს ახალგორელები, როგორც ეთნიკურად ქართველები, ასევე ეთნიკურად ოსი მოსახლეობაც“, - განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.
ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის თქმით, საქართველოსთან „საზღვარი“ იქამდე არ გაიხსნება, ვიდრე ქართული მხარე წნელისთან „უკანონო საგუშაგოს“ არ მოხსნის. ,,რაზდახანში საზღვარი დაიხურება მანამ, სანამ არ მოხდება სოფელ უისტას (წნელისი) მიდამოში უკანონო საგუშაგოს მოხსნა ", - განაცხადა ბიბილოვმა რუს „მესაზღვრეებთან“ შეხვედრისას. შეხვედრის და ბიბილოვის განცხადების შესახებ ინფორმაცია ცხინვალის მედიამ გაავრცელა.