გორის მუნიციპალიტეტის მერმა საზოგადოებას 2022 წელს მერიის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტში განხორციელებულ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, კულტურულ, სპორტულ, ახალგაზრდულ და საგანმანათლებლო პროექტებზე.
თანამშრომლობის და მხარდაჭერისთვის ხინჩეგაშვილმა მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს.
„ერთი წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტში 60 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაცია განხორციელდა, მათ შორის, 50 კილომეტრამდე - სოფლებში.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოეწყო 8 სკვერი და 9 სპორტული მოედანი, 11 სოფელში დამონტაჟდა ახალი სასმელი წყლის სისტემა, რეაბილიტირდა 3 საბავშვო ბაღი და 6 სკოლა, დასრულდა 3 და მიმდინარეობს 2 საბავშვო ბაღის მშენებლობა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ქერეში სასწავლო პროცესი ახლადაშენებულ სკოლაში განახლდა.
მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამით, რომელიც ითვალისწინებს რიგი სამედიცინო სერვისების დაფინანსებასა და სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისთვის ფულადი დახმარებების გაცემას, 9 ათასამდე მოქალაქემ ისარგებლა.
მოსახლეობასთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით თანადაფინანსების პროგრამების ფარგლებში, 200-მდე პროექტი განხორციელდა. პროგრამების მიზანი, მუნიციპალურ დონეზე სხვადასხვა სფეროს განვითარება და თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების მონაწილეობის ზრდის ხელშეწყობა იყო“, - აღნიშნა გორის მერმა.
მუნიციპალიტეტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ყურადღება გაამახვილა გორში ჩატარებულ საერთაშორისო მასშტაბის სპორტულ ტურნირებზე, გორელი სპორტსმენების წარმატებასა და სპორტის სასახლის ამოქმედების მნიშვნელობაზე. ასევე ისაუბრა მუნიციპალიტეტისთვის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობასა და ტურისტული ინფრატრუსქურის განვითარების მნიშვნელობაზე.
გორის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიშის პრეზენტაციას ხელისუფლებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, გორისა და ატენის ეპარქიის სასულიერო პირები, გორის საპატიო მოქალაქეები, მედიის წარმომადგენლები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.
შეხვედრა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.