ხვალ, 10 დეკემბერს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი გაიმართება.
ტურნირი ცნობილი ფეხბურთელის დაბადებიდან 75 წლის აღსანიშნავად იმართება. შეხვედრა 16:30 საათზე დაიწყება და გორის „გორის“ და „დინამოს აკადემიის“ თამაშით გაიხსნება.
ტურნირში საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან 2010 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
თენგიზ ბურჯანაძისა და გურამ გაბუნიას სახელობის სტადიონებზე ტურნირის ფარგლებში სულ 16 მატჩი გაიმართება.
ტურნირის ფინალური შეხვედრა 14 დეკემბერს ბურჯანაძის სახელობისსტადიონზე ჩატარდება.
ტურნირის ორგანიზატორები არიან საფეხბურთო კლუბი „გორი“ და გორის მუნიციპალიტეტის მერია.
„ტურნირს ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ფეხბურთის და, ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას უწყობს ხელს. მაქსიმალურად ვეცდებით, ამ შეჯიბრებამ მომავალ წელს კიდევ უფრო დიდი მასშტაბები მიიღოს“, - აღნიშნა საფეხბურთო კლუბის - „გორი“ ხელმძღვანელმა გიორგი ბასილიძემ.