20.01.2020 11:13
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კვლავ გაიყოფა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან კულტურის სამინისტროს ცალკე გაყოფაზე მთავრობაში შეთანხმება უკვე მიღწეულია. როგორც ცნობილია, უწყების გამოყოფის პროცესი თებერვალში დაიწყება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განათლების მინისტრის იდეაა, სპორტი კვლავ განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში დარჩეს.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ნუკრი ქანთარიას ცნობით, სამინისტროს გაყოფა ბიუჯეტთან დაკავშირებით პრობლემას არ შექმნის, რადგან კულტურის სფეროსთვის ბიუჯეტი ისედაც ცალკე მუხლად არის გამოყოფილი.
„მოგეხსენებათ, სამინისტროსთვის გამოყოფილ ხარჯებში კულტურის ბიუჯეტი ცალკეა გათვალისწინებული, ამიტომ გაყოფა არ შექმნის პრობლემას, უმტკივნეულო პროცესი იქნება. ამასთან არ შეიქმნება შენობის პრობლემას, რადგან კულტურის სამინისტროს შენობაც არსებობს,“ - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, საქართველოში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2018 წელს ჩამოყალიბდა. მაშინდელი სამთავრობო ცვლილებების მიხედვით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს შეუერთდა.