საგანმანათლებლო პროექტის - ,,პატარა მწიგნობრები“ ფარგლებში, მ. ცერცვაძის სახელობის ზეღდულეთის საჯარო სკოლის მე-6 კლასის გერმანული ენის მოსწავლეები სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს სტუმრობდნენ, სადაც გაეცნენ ანბანის წარმოშობის ისტორიას, პერგამენტზე შექმნეს ხელნაწერები და მუზეუმში გააკეთეს პრეზენტაცია გერმანულ ენაზე.
როგორც ,,გორის მაცნეს“ სკოლის გერმანული ენის პედაგოგმა თამარ გოგოლაძემ განუცხადა, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსწავლეებში წერის კულტურის განვითარებას.
,,მოგეხსენებათ, რაც დრო გადის, სწავლების პროცესში მოსწავლეებს სულ უფრო ხშირად უწევთ ელექტრონული საშუალებებით სარგებლობა - კომპიუტერი, მობილური ტელეფონი, რაც იწვევს იმას, რომ წერის კულტურა მეორე ადგილზე ინაცვლებს, ყურადღებას აღარ აქცევენ კალიგრაფიას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პროექტ ,,პატარა მწიგნობრების“ ფარგლებში, ზეღდულეთის საჯარო სკოლის მე-6 კლასის გერმანული მიმართულების მოსწავლეები სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს სტუმრობდნენ, გაეცნენ მუზეუმში დაცულ არქეოლოგიურ მასალას, ნუმიზმატიკის ნიმუშებს, აგრეთვე ეთნოგრაფიულ მასალას, პირველი ანბანის
წარმოშობას, ამავდროულად, პერგამენტზე გერმანულ ენაზე შეასრულეს ხელნაწერები. მოზარდებმა ძალზე დიდი ინტერესი გამოიჩინეს ამ პროცესის მიმართ, მაქსიმალურად ცდილობდნენ, კარგი ხელნაწერები შეექმნათ, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსწავლეებში წერის კულტურის განვითარებას. აღნიშნულის გარდა, ვახორციელებთ არაერთ საინტერესო პროექტს და უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეები გამორჩეულ ინტერესს იჩენენ თითოეული ამ პროექტის მიმართ“, - აღნიშნა თამარ გოგოლაძემ.