16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, გორის კრივის სკოლაში ჩატარდა შეჯიბრი კრივში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც მოკრივე ბიჭებმა, ასევე გოგონებმა. გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით გამართული ღონისძიების სლოგანი იყო - „ძლიერები ძალადობის წინააღმდეგ“.
როგორც „გორის მაცნესთან“ საუბარში გორის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს მდივანმა ვერიკო ბიწაძემ აღნიშნა, ქალების 35% ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყოფილა პარტნიორის, ან ყოფილი პარტნიორის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი. ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებმა საგანგაშო მასშტაბებს მიაღწია და მსოფლიოში, ყოველდღიურად, ოჯახის წევრების მხრიდან ძალადობის გამო, 137 ქალი კვდება.
„170-მდე ქვეყანა 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა ღონისძიებით ყოველწლიურად ერთვება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ თექვსმეტდღიან კამპანიაში. გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოც უერთდება ამ კამპანიას და ერთ-ერთი ღონისძიებაა შეჯიბრი კრივში - „ძლიერები ძალადობის წინააღმდეგ“. დიდი მადლობა ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ ღონისძიებაში“, - აღნიშნა ვერიკო ბიწაძემ.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, შეჯიბრში მონაწილეობა 14-მა მოზარდმა მიიღო. მონაწილეები დაჯილდოვდნენ სიგელებით, მედლებით და თასებით. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისის წარმომადგენლებმა კი ყველა მონაწილეს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.