საზოგადოება
07.12.2022 13:46
მენატრება ის ღიმილი, ის ურთიერთობები, გორელებმა რომ ვიცოდით, თითქოს, დრო აჩქარდა - გორელი კოლორიტი, კომაროველი, მოჭადრაკე ,,კამფეტა“

ორშაბათს ტრადიციულად შემოაღო რედაქციის კარი, დღეს ოთარ რამიშვილის დაბადების დღეაო, გვითხრა... მერე კი, განუყრელი პატარა ბოთლი ამოიღო ჯიბიდან, მომღერლის შესანდობარი დალია და საყვარელი სადღეგრძელოც გაგვიმხილა:

„რაც მე სხვისთვის მინდოდეს, ის იყოს ჩემი, რაც სხვას ჩემთვის უნდოდეს, ის იყოს თავისი“, - ეს ბესიკ ზაქარიაძე გახლავთ, გორელი კოლორიტი, მოჭადრაკე, მეტსახელად ,,კამფეტა“, თუმცა, საკუთარ თავზე სიტყვაუხვობა არ სჩვევია, ამიტომ, საუბარი ისევ ოთარ რამიშვილზე გავაგრძელეთ....

„უწესიერესი კაცი იყო ძია ოთარი, მარილიანი, ჯიგარი, ხშირად ჩავდიოდით თბილისში და ადამიანობას, კაცობას ვსწავლობდით. მიშიკო კოშკაძე უყვარდა ძალიან. მეც მან დამაახლოვა დიდ მაესტროს. ოჯახებით ვმეგობრობდით, მიმოსვლა გვქონდა. ლექსიც კი დაგვიწერა:

„დიდ სტალინის ქალაქიდან ჩამოვიდა კამფეტაო,

თავის ლამაზ მეგობრებით სიხარული გვაგემაო,

მოგვიტანეს გოზინაყი, ვაშლი, ღვინო, სიმღერაო...

გავიხარე მათი ნახვით, აბა სხვა რა გვინდოდაო.

და ჩვენ სამზარეულოში ავაკვნესეთ გიტარაო“...

ბესო ზაქარიაძე 1964 წლის 6 მარტს დაიბადა, ოჯახის წევრების გარდა, ყველასთვის ,,კამფეტაა“, დედა კი ბესიკს ეძახის.

ჭადრაკის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებით ბავშვობიდან გამოირჩეოდა, ამიტომ, გორის ჭადრაკის სკოლაში 5 წლის ასაკში მიუყვანიათ. პირველი მწვრთნელი შალვა თოთლაძე იყო, მისი გარდაცვალების შემდეგ კი - გურამ მუკნიაშვილი.

მონაწილეობდა სხვადასხვა ტურნირში, პირველი სერიოზული წარმატება ჯერ გორის პირველობა იყო, შემდეგ კი - საქართველოს ჩემპიონობა.

კამფეტა გორის მე-6 სკოლის წარჩინებული მოსწავლე იყო, მე-8 კლასიდან კი კომაროვის სკოლაში განაგრძო სწავლა. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება მეტსახელიც, რომელიც, აგერ, უკვე ოთხი ათეული წელია, ნათლობის სახელივით მოსდევს მის ცხოვრებას. ,,კამფეტა უახლოესმა მეგობარმა, ზურა ყველაშვილმა, მეტსახელად ,,გეგელამ“ დამარქვა, მაშინ მე-8 კლასში ვიყავით. მხოლოდ სახლში არ მეძახიან კამფეტას, დედა, გორის მესამე საჯარო სკოლის პედაგოგი მავრა იოსებიძე ბესიკს მეძახის, ერთი დაც მყავს - მაია, რომელიც სამხატვრო სკოლის საქმეთა მმართველის პოზიციაზე მუშაობს. მამა 1992 წელს გარდაიცვალა“...

შემდეგ, ჯარი, ინსტიტუტი, კვლავ არაერთი საჭადრაკო ტურნირი და... როგორც თავად ამბობს, ცხოვრებაც გაილია.

უთამაშია ნონა გაფრინდაშვილთან, უფრო ზუსტად, როგორც თავად მოიხსენიებს _ ნონა ტერენტევნასთან.

ოჯახი არ შექმნა, ამბობს, რომ საკუთარი თავისთვის არასდროს ეცალა, თუმცა, იყო პერიოდები, როცა უყვარდა - ჯერ სკოლის დამთავრებისას, შემდეგ კი, ინსტიტუტში სწავლისას, მაგრამ საკუთარი თავისთვის ვერც მაშინ მოიცალა, ჯერ ერთი ძმაკაცი გარდაეცვალა, მერე - მეორე...

მათი დაკარგვით გამოწვეული სევდა დღემდე არ ანებებს თავს, თუმცა, ამქვეყნად ყოფნა ჯობია თუ ,,იმ დიდ საქართველოში“, მამის სიკვდილის მერე აეკვიატა ამაზე ფიქრი და პასუხიც ვერ უპოვია.

„კარგი დრო იყო... მენატრება ის ღიმილი, ის ურთიერთობები, გორელებმა რომ ვიცოდით, მენატრება უდროოდ წასული ძმაკაცები... თითქოს აჩქარდა დრო, ადამიანებიც კი ჩქარა დადიან ქუჩებში და ღიმილი დაიკარგა... კაცი კაცს არა ჰგავს და ქალი _ ქალს. ე. წ. ტატუთი მოხატული ახალგაზრდები კი, ფიროსმანის დაუმთავრებელ ნახატებს ჰგვანან და არ არის მოსაწონი ჩემთვის. დარდების გასაქარვებლად ხშირად ავდივარ კვერნაქის სასაფლაოზე, შესანდობარს რომ ვამბობ, ვმშვიდდები, რომელი ერთი გავიხსენო, აცხონოს ღმერთმა მიშიკო კოშკაძე, გიორგი მახარობლიძე, ლევან ბექაური, გენო ტლაშაძე... რომელი ერთი ჩამოვთვალო... ამქვეყნად ყოფნა ჯობია თუ იქ?“ - გვეუბნება „გორის მაცნეს“ ერთგული მეგობარი, რომელიც გაზეთის ყველა ნომერს კითხულობს და ახლობლებსაც უზიარებს.

გორელებში განსაკუთრებული სიყვარულის გარდა, კამფეტა დიდ სიმდიდრესაც ფლობს - 14 ნათლული ჰყავს და წინაპრების ნათქვამს თუ დავესესხებით, სამოთხისკენ მიმავალი გზაც გარანტირებული ჰქონია.

„მიყვარს ნათლულებთან ურთიერთობა. ზოგადად, ადამიანებთან საუბარი და ქეიფი მიხარია. ჩემი ნათლულები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ, საზღვარგარეთაც არიან და ტაძარში შესული სულ ვლოცულობ მათთვის“, - გვითხრა რედაქციის სტუმარმა.  

ბევრი ვისაუბრეთ... სახალისო, მხოლოდ მისეული სხარტულებიც გაიხსენა, სამშობიარო სახლის „მახარობლის შტატიც“ ინატრა, რომ ბევრი გაეხარებინა, გულმავიწყმა ბავშვებმა „კამფეტას“ ნაცვლად „პლიტკა ძია“ რომ დაუძახეს ქუჩაში, ისიც გაიხსენა... ბოლოს კი, სამშობლოს გამთლიანება, მშვიდობა და ურთიერთსიყვარულის გაძლიერება ინატრა და ერთი კვირით დაგვემშვიდობა.

ასეთია კამფეტა, უწყინარი, ყველა გორელისთვის საყვარელი გორელი, აბა, სხვაგვარად, ,,კამფეტას“ ვინ დაარქმევდა!

კვირის ამბები