„ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა - მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი 4“ ინიცირებული და დაფინანსებულია bp-სა და მისი პარტნიორების მიერ საქართველოს მილსადენის კომპანიაში.
პროექტის მეოთხე ფაზა 2022 წლის 17 იანვარს დაიწყო და 2026 წლის იანვრის ბოლომდე გაგრძელდება.
საქართველოს მასშტაბით, პროექტი მოიცავს 121 სამიზნე სოფელს, გორის მუნიციპალიტეტში კი, 10 სოფელს და იძულებით გადაადგილებულ პირთა 3 დასახლებას.
პროექტის მიზანია დასავლეთის მიმართულების საექსპორტო(ბაქო-სუფსის) მილსადენის გასწვრივ მდებარე სამიზნე თემებში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა მცირე ბიზნესის განვითარების გზით. პროექტს ახორციელებს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი CTC.
პროექტის მიზნის მისაღწევად, გათვალისწინებულია სხვადასხვა ღონისძიებები: საინფორმაციო კამპანიები, საგრანტო კონკურსები, ტექნიკური და პროფესიული ტრენინგები, კონსულტაციები, მონიტორინგი და სხვ.
„გორის მაცნე“ ამჯერადაც დაინტერესდა აღნიშნული პროექტის მიმდინარეობით. დეტალებზე პროექტის მენეჯერი, მარიანა ლოთიაშვილი გვესაუბრა.
- გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, როგორ შეაფასებდით ბენეფიციართა ჩართულობას მცირე ბიზნესის განვითარების პროექტში?
- პროექტისადმი ინტერესი საკმაოდ დიდია. ვინაიდან, პროგრამა 2012 წლიდან მუშაობს, მისი ცნობადობა არსებითად გაიზარდა. დღეს, სამიზნე სოფლებში იშვიათად მოიძებნება ადამიანი, ვისაც მცირე ბიზნესის განვითარების პროექტის შესახებ არ სმენია. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა დიდია, მაგალითად, წელს, პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ხუთასზე მეტი განაცხადი შემოვიდა, მათგან გორის მუნიციპალიტეტის სამიზნე სოფლებიდან 45 იყო. ინტერესის ზრდას ხელი შეუწყო იმ გარემოებამაც, რომ გაიზარდა საგრანტო თანხის ოდენობა. დამწყებ მეწარმეებს შეეძლოთ, მოეთხოვათ 5000 ლარამდე თანხა, ხოლო არსებულებს - 10000 ლარამდე. სავალდებული პირობას წარმოადგენს კონკურსის მონაწილეთა საკუთარი თანადაფინანსება მოთხოვნილი თანხის 30% ან 40%-ის ოდენობით. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული შეზღუდვები მონაწილეობის თვალსაზრისით, თუმცა, ეს შეზღუდვები ბევრი არ არის.
- თქვენი აზრით, რამდენად ინფორმირებულნი არიან ადამიანები პროექტის შესახებ და რამდენად შესწევთ უნარი, წარმოადგინონ სრულყოფილი განაცხადები? თუ ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა თავდაპირველად ბიზნეს-იდეა კრიტიკულად შეგიფასებიათ, შემდეგში კი მის ავტორს გაუსწორებია ხარვეზები და მიუღია დაფინანსება?
- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მოსახლეობის ინფორმირებულობის ხარისხი მაღალია. ჩვენ ვიყენებთ ინფორმაციის გავრცელების სხვადასხვა არხს, აქტიურად გვეხმარებიან წინა ფაზების ფარგლებში დაფინანსებული ბენეფიციარებიც. საკონკურსო შერჩევის პირველ ეტაპზე არ ველოდებით განაცხადების განსაკუთრებულად მაღალ ხარისხს, მიუხედავად იმისა, რომ განაცხადის შაბლონი ძალიან მარტივია და სულ ორ გვერდს შეადგენს. საინფორმაციო შეხვედრებზე და პირადი კომუნიკაციის დროს, თანამშრომლები დეტალურად უხსნიან მსურველებს მისი შევსების წესებს. ბუნებრივია, რომ მათი განაცხადები, ვინც საინფორმაციო შეხვედრებს ესწრებოდა, ან მიიღო პროექტის თანამშრომელთა კონსულტაცია, გაცილებით უფრო ინფორმატიულია, ვიდრე მათი, ვისაც ჩვენთან კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა, როცა გუნდი ხედავს განაცხადში განვითარების პოტენციალს, ან საინტერესო ჩანაფიქრს, ცდილობს, დაეხმაროს ადამიანებს იდეების დახვეწაში. მაგალითად, წინა ფაზის ფარგლებში, ერთ-ერთ სოფელში შეიქმნა ქართული სიმღერის და ცეკვის სტუდია, რომელიც დღეს ძალიან პოპულარულია. თავიდან ამ იდეისადმი პროექტი ოდნავ სკეპტიკურად იყო განწყობილი, რადგან შემფასებელ კომისიას გარკვეულწილად საეჭვოდ მიაჩნდა მოსწავლეთა მოზიდვის პერსპექტივა. ასევე წარმატებული აღმოჩნდა სამკერვალო საამქრო, რომელიც დაარსდა დევნილთა ერთ-ერთ დასახლებაში, სადაც მსგავსი მიკროსაწარმო მრავლადაა, მაგრამ ის ყველასგან გამოირჩევა ფართო ასორტიმენტით, დაწყებული ბავშვთა საახალწლო და სადღესასწაულო კოსტიუმებით და დამთავრებული სასკოლო ფორმების კერვით.
- რას ურჩევდით იმ ადამიანებს, ვისაც სურვილი გაუჩნდება, მონაწილეობა მიიღოს მცირე ბიზნესის განვითარების პროექტში?
- პირველ რიგში, ვურჩევდი, ნათლად და დეტალურად გაიაზრონ თავისი ბიზნეს-იდეა, გაეცნონ სხვების გამოცდილებას, შეისწავლონ ბაზარი და დარწმუნდნენ, რომ მათ პროდუქტზე მოთხოვნა იარსებებს და ა.შ. რაც უფრო კონკრეტული იქნება მათი ხედვა და მაღალი მოტივაცია, მით მეტია წარმატების შანსი. მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი ხელს უწყობს მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობის ამაღლებას და სოციალური ფონის გაუმჯობესებას. დაფინანსებულ მეწარმეებს წამოწყებული ბიზნესებიდან გაუჩნდათ ყოველთვიური შემოსავალი, რაც მათ ეკონომიურ მდგომარეობაზე აისახა კიდეც. მაგრამ, როგორც გავარკვიეთ, ეს ყველაფერი არ არის. თითოეულ მათგანს ყოველთვიურად უტარდება სწავლება ისეთი მიმართულებით, როგორიცაა აღრიცხვის წარმოება, შრომის უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, გადასახადებს და ელექტრონული დეკლარირება და სხვ. პროექტის ბენეფიციარები აღნიშნავენ, რომ მათი საქმიანობა სოფლის სხვა მცხოვრებთა დიდ ინტერესს იწვევს და გარშემომყოფები დარწმუნდნენ, რომ მცირე თანხებით საკუთარი ბიზნესის წამოწყება და განვითარება რეალურია.
ზურაბ დუდაშვილი, სოფელი ნადარბაზევი
სოფელ ნადარბაზევის მკვიდრმა ზურაბ დუდაშვილმა პროექტის სახსრებით სადურგლო ხელსაწყოები შეიძინა და, როგორც ახალგაზრდა ხელოსანი ამბობს, ამით მძიმე შრომა გაიადვილა.
- ავეჯის-დამზადება რესტავრაცია დაახლოებით სამი წლის წინ დავიწყე, თუმცა, ვიდრე იარაღებს შევიძენდი, საკმაოდ მძიმე შრომას ვეწეოდი. მაგალითად, როდესაც სათავსოიანი საწოლის შეკვეთას ვიღებდი, ასაწევი მექანიზმის რკინის დეტალების შესადუღებლად მიწევდა სხვა სახელოსნოში მიტანა, ეს კი მოითხოვდა დამატებით დროს და ხარჯებს და შესაბამისად, იმ ხარისხის და რაოდენობის ავეჯს, რასაც ახლა ვამზადებ, ვერ ვამზადებდი. უნდა ითქვას, რომ იარაღების არქონა ხელს მიშლიდა ხარისხის და დამკვეთის მოთხოვნის დაკმაყოფილებაშიც. პროექტის შესახებ თანასოფლელებისგან შევიტყვე. როდესაც მორიგი საგრანტო კონკურსი გამოცხადდა, მივიღე მონაწილეობა და გავიმარჯვე. ახლა უკვე გამართული ბიზნესი მაქვს. საქმიანობის რეკლამირებას ძირითადად სოციალური ქსელის მეშვეობით ვეწევი. ავეჯის შესაკვეთად მოდიან როგორც მიმდებარე სოფლებიდან, ასევე გორიდან. ამასწინათ კი, თქვენ წარმოიდგინეთ, ბორჯომიდანაც მქონდა შეკვეთა.
აკაკი ტოლიაშვილი, ბერბუკის დევნილთა დასახლება
პროექტის კიდევ ერთმა ბენეფიციარმა, ბერბუკის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებმა აკაკი ტოლიაშვილმა გადაწყვიტა, საკუთარ ვენახში მოყვანილი ყურძნით ღვინო დაეყენებინა, ბაზარზე გაეტანა და ეს საქმე ოჯახურ ბიზნესად ექცია. ქსუისიდან დევნილი 70 წლის მეღვინე ოჯახურ მარანში სამი სახეობის ღვინოს აყენებს და მომხმარებელთან შესახვედრად უკვე ემზადება. ევროპული მეთოდით დაყენებული ,,ჩინურის“, ,,გორული მწვანესა“ და ,,თავკვერის“ დაგემოვნებას მომხმარებლებლები ახლო მომავალში შეძლებენ. როგორც ჩვენთან საუბრისას ბატონი აკაკი იხსენებს, პროექტის შესახებ დევნილთა დასახლებაში გამოკრული განცხადების წაკითხვის შემდეგ გადაწყვიტა ბედი ეცადა, ჩაერთო კონკურსში და დაფინანსებაც მიიღო.
- ჩვენი ოჯახი ქსუისიდან დევნილი გახლავთ. ბერბუკის დევნილთა დასახლებაში, ფაქტობრივად, ნულიდან დავიწყე ცხოვრება, გავაშენე ვაზი და საკმაო რაოდენობის ყურძენიც მომყავს. ეს საქმე კარგად გამომდის, ამჟამად ოკუპირებულ ქსუისშიც მქონდა დიდი საოჯახო მარანი, სადაც ევროპული მეთოდით ვაყენებდი ღვინოს. როდესაც მცირე ბიზნესის პროექტის შესახებ გავიგე, განაცხადის სხვა მიმართულებით დაწერა არც მიფიქრია. კონკურსში გავიმარჯვე და უჟანგავი ლითონის ავზი, საწნეხი და ბოთლის სახუფი შევიძინე. ამ ეტაპზე, ერთი ტონა ღვინის ჩამოსხმას ვგეგმავ ბოთლებში. რაც შეეხება ყურძენს, ნედლეულის დიდი ნაწილი ჩემს ვენახებში მოწეულ მოსავალს წარმოადგენს, ნაწილს კი, ადგილობრივებისგან ვიძენ. სამომავლოდ ვაპირებ, ბოთლებში ,,შავკაპიტო“ და ,,ბუდეშურიც“ ჩამოვასხა და ასევე ღვინის სადეგუსტაციო ოთახიც მოვაწყო.
ემზარ ქურთაული, სოფელი სვენეთი
სოფელ სვენეთში მცხოვრები ემზარ ქურთაული თვლის, რომ სწორად ჩამოყალიბებულმა ბიზნეს-გეგმამ და მარკეტინგულმა გათვლამ მისი პროექტის წარმატება განაპირობა. პროექტის დახმარებით მან ჟოლოს კულტურა გააშენა. მოსავლის რეალიზაციას გორის ბაზარზე ახდენს, თუმცა, მომხმარებლები თანასოფლელებს შორისაც მრავლად ჰყავს.
- პროექტის დახმარებით ჟოლოს კულტურა გავაშენე. ჟოლოს ნერგები მანამდეც მქონდა დარგული, თუმცა, შედარებით მცირე რაოდენობის, შესაბამისად, არ მქონია ისეთი რაოდენობის მოსავალი, რომ რეალიზება მომეხდინა. გავიგე თუ არა აღნიშნული პროექტის შესახებ, გადავწყვიტე, გამომეყენებინა ეს შესაძლებლობა და წარვადგინე ჯერ ბიზნეს-იდეა, მერე ბიზნეს-გეგმა. იდეა დამიფინანსეს და საშუალება მომეცა, გამეფართოვებინა ჟოლოს ბაღი, რაც, თავის მხრივ, ჩემი ოჯახის შემოსავლის გაზრდასაც გულისხმობს.
ახლა, პროდუქტს, ძირითადად, გორის აგრარულ ბაზარში ვყიდი, თუმცა, ჟოლოს სოფელშიც ყიდულობს ადგილობრივი მოსახლეობა. განვაგრძობ ამ სფეროში ცოდნის მიღებასაც, რაც მეც და ჩემს წამოწყებულ ბიზნესს სამომავლოდ გამოგვადგება.
R