„საქართველოს პარლამენტმა შეიმუშავა და მიიღო ახალი კანონი სოციალური მუშაობის შესახებ, რის შედეგადაც სოციალური მუშაკების საქმე და ფუნქციები უფრო მკაფიოდ განისაზღვრა, მათ მიეცემათ მეტი დამოუკიდებლობა, მეტი გარანტიები და შესაძლებლობა იმისთვის, რომ პირნათლად შეასრულონ საკუთარი საქმე, ამასთან, 2020 წლის 1 იანვრიდან გაიზარდა მათი ანაზღაურება და ის, მინიმუმ, 1200 ლარს შეადგენს“, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. თალაკვაძის თქმით, სოციალური მუშაკების შრომის ანაზღაურებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებისთვის მუშაობა კვლავ გაგრძელდება.
ცნობილი გახდა ისიც, რომ გაიზრდება სოციალური მუშაკების რაოდენობაც და წელს, პირველად, ქვეყანას ადგილობრივი თვითმმართველობის ფარგლებში ეყოლება სოცმუშაკები. 2025 წლის დადგომამდე კი, მათი ხელფასები გაორმაგდება.
ცნობისთვის, სოცმუშაკებმა, კოლექტიური დავა, სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ, 2019 წლის 8 თებერვალს დაიწყეს. ისინი ადამიანური რესურსების დამატებას, სახელფასო ანაზღაურების გაზრდასა და სხვა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ.