საზოგადოება
06.12.2022 12:20
ქვეშის საჯარო სკოლამ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლამ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. პროექტმა „მოდი ჩვენთან, კლუბში“, დაფინანსება მოიპოვა და მეორე სემესტრიდან მოსწავლეებს კლუბური მუშაობისთვის ახლადაღჭურვილი ოთახი ექნებათ.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი პედაგოგი ნათია კურტანიძეა, პროექტის ბიუჯეტი კი 4833 ლარს შეადგენს.
„სასკოლო აქტივობების წახალისების“ ქვეპროგრამის ფარგლებში, აქტივობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აფინანსებს.
უნდა ითქვას, რომ მსგავს კონკურსში პროექტით - „წარმატების ფორმულა“, სკოლამ გრანტი გასულ წელსაც მოიპოვა.
შეგახსენებთ, გამარჯვებული პროექტის ავტორი, პედაგოგი ნათია კურტანიძე, წელს, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს (Global Teacher Award 2022) გამარჯვებული გახდა. იგი ვაჟა-ფშაველას სახელობის გორის N 9 და სოფელ ქვეშის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელია. გორელი პედაგოგი მსოფლიოს 115-მდე ქვეყნიდან მონაწილე მასწავლებლებს შორის გამორჩეული პედაგოგიური საქმიანობისთვის დაჯილდოვდა.

„სასიხარულოა, როცა აღიარებენ შენს კომპეტენციას, აფასებენ შრომას და აინტერესებთ შენი პროფესიული მიღწევები. მიხარია, როცა ვხედავ, რომ ჩემით ამაყობენ მეგობრები და კოლეგები, ჩემი სკოლები და მოსწავლეები. ყველა პედაგოგს ვურჩევ საკუთარი წარმატებული პრაქტიკა წარმოაჩინოს პროექტებში და ვუსურვებ, მათაც გამოეცადოთ სიხარული, რაც უდიდესი მოტივაციაა პედაგოგისთვის, რომ წარმატებული მოსწავლეები აღზარდოს“, - აღნიშნა ,,გორის მაცნესთან” ნათია კურტანიძემ.
კვირის ამბები