პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას პენიტენციური კოდექსის ახალი პროექტი გააცნო - რას ითვალისწინებს სიახლე
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას პენიტენციური კოდექსის ახალი პროექტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მთავრობის მეთაურის თქმით, ახალი კოდექსის თანახმად, შეღავათებია განსაზღვრული, როგორც მსჯავრდებულებისთვის, ასევე პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისთვის.
კერძოდ: ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება; განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს ენიჭება ვიდეოპაემნის უფლება; ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო; ყველა მსჯავრდებულს ექნება უმაღლესი განათლების მიღების უფლება, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულებისა; მსჯავრდებული აკადემიურ უმაღლეს განათლებას მიიღებს ციფრული სწავლების და კორესპონდენციული სწავლების ფორმებით; პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს მიენიჭება სპეციალური სტატუსი, რაც თანამშრომელთა პირობებს გაათანაბრებს და გააუმჯობესებს, ამასთან, სპეციალური წოდების მქონე პირთა წრე ფართოვდება; მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, წელთა ნამსახურობის დანამატს მიიღებენ.