„ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დევნილებისა და ეკომიგრანტების განაცხადების მიღება გრძელდება
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, „ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, განაცხადების მიღებას 17 დეკემბრის ჩათვლით აგრძელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის მიზანს დევნილთა და ეკომიგრანტთა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს.
„იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებული, საქმიანობის გაფართოების მხარდასაჭერად 7500 ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან. ჯამში, გრანტს 50-ზე მეტი მეწარმე მიიღებს“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ბიზნესგეგმა, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამსახურებში გრანტის მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ მისამართებზე: გორი, სამების ქ. N1; თბილისი, თამარაშვილი ქ.N15ა; რუსთავი, კოსტავას ქ. N20; ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27; ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106. დოკუმენტაციის გაგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზეც – info @ idp. gov. ge.