საზოგადოება
04.12.2022 11:58
4 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას 4 დეკემბერს აღნიშნავს.

ყოვლადწმინდა მარიამის მშობლებს - იოაკიმეს და ანას მოხუცებულობამდე შვილი არ ჰყავდათ. ისინი მხურვალედ ევედრებოდნენ ღმერთს, რომ მათთვის ბავშვი ებოძებინა, თან აღთქმა დადეს, ძე იქნებოდა თუ ასული, ღმერთს შესწირავდნენ. უფალმა შეისმინა მათი ლოცვა და ცოლ-ქმარს ასული აჩუქა.

იოაკიმემ და ანამ ღვთისადმი მიცემული აღთქმა შეასრულეს და როცა მარიამი სამი წლის გახდა, გალობითა და სანთლებით ხელში მიიყვანეს იერუსალიმის ტაძარში. ტაძარს თხუთმეტსაფეხურიანი კიბე ჰქონდა. მარიამმა, თითქოს ფრთებშესხმულმა,  დაუბრკოლებლად აირბინა თხუთმეტივე საფეხური. მას  მღვდელმთავარი ზაქარია შეეგება, რომელმაც, ღვთის შთაგონებით, მარიამი წმიდათა წმიდაში შეიყვანა, სადაც მხოლოდ მღვდელმთავარი შედიოდა, ისიც – წელიწადში ერთხელ.

ყოვლადწმიდა მარიამი ტაძარში გამუდმებით ლოცულობდა, გულმოდგინედ კითხულობდა წმიდა წერილებს, ხელსაქმობდა, სნეულებსა და დავრდომილებს უვლიდა, თავის წილ ულუფა საკვებს მათ აძლევდა.

ქალწულს წმინდა ანგელოზები ეცხადებოდნენ, ყოველდღიურად ნახულობდნენ, ზეციურ საკვებს უძღვნიდნენ და ესაუბრებოდნენ. წმინდა მარიამის ტაძარში ყოფნა სულიწმინდის მიერ იყო ნაკურთხი.

ყოვლადწმინდა მარიამს მალე გარდაეცვალა მოხუცი მშობლები. მან ქალწულების აღთქმა დადო ღვთის წინაშე, რომ დარჩებოდა ტაძარში და უფლის ნებას დაემორჩილებოდა.

კვირის ამბები