საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა რეგისტრაცია სერტიფიცირებისთვის რამდენიმე დღეში დასრულდება. რეგისტრაციის პროცესი 24 ოქტომბერს დაიწყო და 2022 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი ვებგვერდზე: https: // directors. mes. gov. ge/
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობის უფლება აქვთ უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება აქვთ.
„დირექტორობის მსურველთა კომპეტენცია და უნარები წარმატებით დაძლეულად ჩაითვლება ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ის დაგროვების შემთხვევაში.
პირებს, რომლებიც ტესტირებისათვის დადგენილ მინიმალურ კომპეტენციის ზღვარს გადალახავენ, შესაძლებლობა მიეცემათ, გადავიდნენ გასაუბრების ეტაპზე“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობის საფასური 35 ლარს შეადგენს და გადახდა ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი.