საზოგადოება
20.01.2020 12:45
საოჯახო მეურნეობებს ახალი ვალდებულებების შესრულება დაეკისრათ
მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო დამატებით რეგულაციებს აწესებს. საოჯახო შინამეურნეობებით დაკავებული მეწარმეები, რომლებიც ფრინველის ხორცის/კვერცხის, თაფლის ან მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლისგან მიღებულ ნაწარმის რეალიზაციას ახდენენ, ამიერიდან, ვალდებულები არიან, საკუთარი საქმიანობა სურსათის ეროვნულ სააგენტოში დაარეგისტრირონ. ამასთან, ითანამშრომლონ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან ცხოველთა დაავადების საწინააღმდეგო-სადიაგნოსტიკო, პრევენციული, სალიკვიდაციო ღონისძიებებისა და ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ღონისძიებების განხორციელებისას.
„კანონპროექტში, რომელიც ძალაში რამდენიმე დღის წინ შევიდა, მითითებულია, თუ რა რაოდენობის შინაური ცხოველი უნდა ჰყავდეს პირს, რომელიც სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებარება. ნორმატიული აქტის შესრულება ეხება ყველა მწარმოებელს, თუ იგი ფლობს ან აწარმოებს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთს მაინც: არაუმეტეს 300 ფრთა ფრინველს და მისგან წარმოებული ხორცს ან/და კვერცხს; არაუმეტეს 10 ფუტკრის სკას და მისგან წარმოებულ თაფლს; არაუმეტეს 30 სულ ბოცვრისნაირს და მისგან წარმოებულ ხორცს; იდენტიფიცირებულ-რეგისტრირებულ მსხვილფეხა საქონლისგან მიღებულ რძესა და რძის ნაწარმს, იმ შემთხვევაში, თუ ამ მსხვილფეხა საქონლის სულადობა არ აღემატება 5-ს, წვრილფეხა საქონლის შემთხვევაში კი, 15 სულს. აღნიშნული წესით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევისათვის, პირს, პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით“, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კვირის ამბები