საზოგადოება
30.11.2022 15:44
შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მსოფლიო წელს 2 სლოგანით აღნიშნავს

„ჯერ არ დასრულებულა“

 „გლობალური სოლიდარობა - საერთო პასუხისმგებლობა“ - 1-ელი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. წელს, მსოფლიო ორი სლოგანით აღნიშნავს ამ დღეს.

ამ დღესთან დაკავშირებით, გორის კულტურის ცენტრში იგეგმება ღონისძიება „შიდსი მეგობრობით არ გადადის“.

ღონისძიების ორგანიზატორები, გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო და ორგანიზაცია „ნაბიჯი მომავლისაკენ“, მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის საინფორმაციო შეხვედრას გაიმართავენ. საუბრის თემა იქნება აივ/შიდსის და C ჰეპატიტის მკურნალობის მეთოდები და პრევენციის გზები.

„გორის მაცნესთან“ საუბრისას ორგანიზაცია „ნაბიჯი მომავლისკენ“ ხელმძღვანელმა ქეთევან ბიძინაშვილმა აღნიშნა, რომ ყოველ წელს ამ დღეს სხვადასხვა სლოგანით აღნიშნავს მსოფლიო საზოგადოება. წელს ამ დღის აღსანიშნავი 2 სლოგანია: „ჯერ არ დასრულებულა“ და „გლობალური სოლიდარობა - საერთო პასუხისმგებლობა“.

„ამ დღის აღნიშვნით, გვინდა, მოსახლეობის ყურადღება მივაპყროთ და ავუმაღლოთ ცნობიერება, რომ „შიდსი მეგობრობით არ გადადის“. ვურჩევ ყველას, რომ ჩაიტაროს ტესტირება. დროული სტატუსის დადგენა უმნიშვნელოვანესია შიდსთან საბრძოლველად“, - აღნიშნა ქეთევან ბიძინაშვილმა.

1-ელ დეკემბერს, მობილური ამბულატორიის საშუალებით ჩატარდება ერთდღიანი საყოველთაო აქცია – უფასო გამოკვლევა-ტესტირება (სკრინინგი) აივ/ინფექციასა და С ჰეპატიტზე და მობილური ამბულატორია 12:00-დან 16:00 საათამდე იმუშავებს მისამართზე: გორი მშვიდობის გამზირი 12/ა (კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია). საინფორმაციო შეხვედრა კი 15:00 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის, საქართველო 2015 წლის დეკემბრიდან შეუერთდა ჯანმოს სტრატეგიას „ვუმკურნალოთ ყველას“, დღეისთვის მკურნალობა უტარდება აივ/შიდსით ინფიცირებულ ყველა პირს. ასეთმა მიდგომამ უკვე გამოიღო მნიშვნელოვანი დადებითი შედეგი, კერძოდ: ბოლო წლებში აივ/შიდსით პაციენტებში 5-ჯერ და მეტად შემცირდა სიკვდილობა და ასევე, შემცირდა ახლადინფიცირების შემთხვევები.

კვირის ამბები