საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან ერთად, ათასწლეულის ინოვაციის 2022 წლის კონკურსის გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვა.
საქართველო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მესამე ადგილზე გავიდა გუნდი Mad Scientist, რომელიც გორის და თბილისის სკოლების მოსწავლეებისგან შედგებოდა. მათ პროექტი - „უნივერსალური მეგობარი სახლი“ - გუნდის ერთ-ერთი წევრის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის გამოცდილების გათვალისწინებით შეიმუშავეს, რომლის საშუალებით, მომხმარებელს შეუძლია, ხმოვანი ბრძანებებით და ხმოვანი შეტყობინებებით მართოს სახლში არსებული ნებისმიერი ტექნიკა როგორც სახლიდან, ასევე დისტანციურად.
Mad Scientist -ის წევრები, „ლიბერთი ბანკის“ დაფინანსებით, სასწავლო ვიზიტით ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში, შვეიცარიაში გაემგზავრებიან.
კონკურსის მთავარი პრიზი - აშშ-ში ნასას საზაფხულო ბანაკში გამგზავრება, გუნდმა LIGGA-მ მოიპოვა პროექტით, „რადიაციის კვლევის, მონიტორინგისა და უსაფრთხოების სისტემა“. გუნდის მიერ შექმნილი პროექტის საშუალებით, შესაძლებელია ოთახებსა და შენობებში რადიაციის დონის კონტროლი და რადიაციის გავრცელების არეალის განსაზღვრა.
მეორე ადგილზე გასული გუნდის Firelink-ის წევრებმა (გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემიის სკოლის მოსწავლეები) შექმნეს მიკროტექნოლოგიასა და სენსორებზე დაფუძნებული დაბალბიუჯეტიანი სადგურების ქსელი ტყის ხანძრების ადრეული მონიტორინგისთვის. გუნდი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დაფინანსებით, აშშ-ში სტენფორდის უნივერსიტეტის iD Tech ბანაკში მიიღებს მონაწილეობას.
„საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება კიდევ უფრო გვაახლოებს თანამედროვე მსოფლიოსთან და ხელს უწყობს ახალი თაობის გამომგონებლების, ინჟინრებისა და სტარტაპების გაძლიერებას. ჩვენი მთავრობის და სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს, ტექნოლოგიების და საბუნებისმეტყველო-სამეცნიერო განათლების განვითარება წარმოადგენს“, - აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დაჯილდოების ცერემონიაზე.
ცნობისთვის, ათასწლეულის ინოვაციის 2022 წლის კონკურსში საჯარო და კერძო სკოლების 350-ზე მეტი მოსწავლისგან დაკომპლექტებულმა 66-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პარტნიორობით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებითა და აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით უკვე მერვე წელია ტარდება.