საზოგადოება
30.11.2022 11:19
შეღავათიანი აგროსესხით უკვე შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების აგროდრონის და მეტეო სადგურის შეძენა
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შევიდა. სიახლის თანახმად,
შეღავათიანი აგროსესხით შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატის (აგროდრონი) და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტისთვის მეტეო სადგურის შეძენა.

როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ ისეთი აგროდრონები, რომლებსაც ექნებათ შესხურების, ასევე აგრონომიული დანიშნულებით სკანირების ფუნქცია, ხოლო საკუთარ მეურნეობებში მეტეო სადგურის მეშვეობით შეძლებენ კლიმატის პროგნოზირებას, მავნებლებისა და დაავადებებისგან გამოწვეული საფრთხეების პრევენციას, ასევე, სხვადასხვა აგრო სამუშაოების დასაგეგმად საჭირო მონაცემების შეგროვებას.

აგროდრონების შეძენისა და მეტეო სადგურების მოწყობის შემთხვევაში სახელმწიფო ფერმერს 48 თვის განმავლობაში დაუფინანსებს სესხს წლიური 11%-ის ოდენობით. სესხის თანხა კი 20 000 ლარიდან - 1 500 000 ლარამდეა.

„სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიებისა და მიდგომების გონივრული გამოყენებით შესაძლებელი ხდება საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია იყოს მეტად კონკურენტუნარიანი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე,“ - აცხადებენ სოფლის განვითარების სააგენტოში.
 

 

კვირის ამბები