საზოგადოება
29.11.2022 12:03
ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით არსებული ნორმები და პასუხისმგებლობა მკაცრდება
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის თანახმად, ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით არსებული ნორმები და პასუხისმგებლობა მკაცრდება.

კანონპროექტის მიხედვით, ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში ცივი იარაღის ტარება გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ცივი იარაღის კონფისკაციით.
კანონპროექტით ზუსტდება, რომ აღნიშნული მუხლი არ გავრცელდება განზრახ დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევ პირზე, ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებულ პირზე ან პირებზე, რომელთა მიმართაც გამოცემულია დამცავი ან შემაკავებელი ორდერი. აღნიშნულ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა განისაზღვრება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 238-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

ამასთან, ცვლილებებით განისაზღვრება, რომ კანონი არ გავრცელდება პირზე, რომელიც ცივ იარაღს ატარებს პირადი ჰიგიენის მოწესრიგების, საკვების მომზადების ან მიღების მიზნით, პროფესიული საქმიანობისთვის, ნადირობის, თევზაობის ან მცენარეული პროდუქციის შეგროვების, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან მესაქონლეობის განხორციელების მიზნით. ასევე, იმ დროს, როდესაც აცვია ეროვნული ტანსაცმელი და ცივი იარაღი ამ ტანსაცმლის ნაწილია.
კვირის ამბები