სამართალი
28.11.2022 18:10
მთელი ცხოვრების ციხეში გატარება მოუწევთ, ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ - პროკურორი მონასტერში ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების საქმეზე

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ, ხაშურისა და სურამის ეპარქიაში, ყაჩაღობისა და მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ ორ პირს  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე ზაზა რამიშვილის გადაწყვეტილებით, საქმეში პირადი ცხოვრების შემცველი ფაქტების არსებობის გამო, სასამართლო პროცესი სრულად დაიხურა.

ბრალდებულები დუმილის უფლებას ინარჩუნებენ, მათ უფლებებს საზოგადოებრივი ადვოკატი გიორგი ჯეირანაშვილი იცავს.

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ორივე მათგანმა კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი. რაც შეეხება სასჯელს, ორივე მათგანს უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, რაც იმას ნიშნავს, რომ განაჩენის დღიდან მთელი ცხოვრების ციხეში გატარება მოუწევთ, ამისთვის, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, - ამის შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტში, მონასტერში მომხდარი ყაჩაღობისა და მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურების საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა. პროკურორის განცხადებით, დაზარალებულმა მონაზონმა ორივე ბრალდებული ამოიცნო.

„მსგავს დანაშაულებზე პროკურატურას მკაცრი მიდგომა აქვს და ასევე, ორივე ბრალდებულის მიმართ მკაცრი მიდგომა იქნება გამოყენებული. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ორივე მათგანმა კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი. რაც შეეხება სასჯელს, ორივე მათგანს უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, რაც იმას ნიშნავს, რომ განაჩენის დღიდან მთელი ცხოვრების ციხეში გატარება მოუწევთ. ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ.

რაც შეეხება მტკიცებულებებს, დაზარალებულის დეტალური ჩვენებაა, სადაც ძალადობისა და გაუპატიურების ფაქტებს აღწერს. ჩვენთვისაც რთულია ამ ყველაფრის წაკითხვა. დაზარალებულმა ორივე ბრალდებული ამოიცნო. ერთ-ერთი ბრალდებული ადასტურებდა, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა, ფაქტებს უარყოფდა. ყველა მტკიცებულებაა მოპოვებული, რომელიც ადასტურებს ამ ორი ადამიანის მიერ დანაშაულის ჩადენას “, - განაცხადა ყაზარაშვილმა.

შემთხვევა 25 ნოემბერს მოხდა. პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი მონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტებზე წარუდგინა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში (საცხოვრებელ კელიაში) უკანონო შეღწევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კვირის ამბები