ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, საბმელის ან ალიკაპის გარეშე ძაღლის სეირნობა 20 ლარით ისჯება
ბოლო კვირების განმავლობაში ძაღლებისგან მოქალაქეების დაკბენის შემთხვევები იმდენად გახშირდა, რომ რეგულაციების გამკაცრებაზე დაიწყო საუბარი. მათ შორის, მიმდინარეობს მსჯელობა, რომ კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება ქვეყანაში აიკრძალოს, ამასთან, აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნების უფლება შეეზღუდოს 16 წლამდე ასაკის პირს. კანონპროექტის ფარგლებში შეიქმნა აგრესიული ჯიშის ძაღლების ნუსხაც, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მიიღებს კანონპროექტს, ქვეყანაში აგრესიული ჯიშის ძაღლების შემოყვანა აიკრძალება.
„გორის მაცნე“დაინტერესდა, თუ როგორ რეგულირდება აღნიშნული საკითხი მოქმედი კანონმდებლობით.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, გათვალისწინებულია სანქცია როგორც ძაღლის, ასევე კატის ყოლის წესების დარღვევაზე.
საბმელის ან ალიკაპის გარეშე ძაღლის ყოლა თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს მფლობელის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით ქმედებაზე მფლობელი 50 ლარით ჯარიმდება.
გორში მოქმედი ერთ-ერთი ვეტერინარული კლინიკა „მარკო“, მოქალაქეებს კანონში არსებულ დეტალებს განუმარტავს:
„07:00-23:00-მდე დიდი ზომის ძაღლის გასეირნება თავშეყრის ადგილებში მოკლე საბელით ალიკაპის გარეშე შეგიძლიათ, მაგრამ გრძელი საბელით თუ დაგყავთ, მაშინ ალიკაპიც უნდა ეკეთოს. 23:00დან 07:00მდე საბელის გარეშე, მაგრამ ალიკაპით შეგიძლიათ ასეირნოთ.
ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) გასეირნება საზოგადოებრივ ადგილებში (ქუჩები, სტადიონები, სკვერები, პარკები და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები), გარდა სპეციალური გამოსასეირნებელი ადგილებისა და გადაყვანა07:00 –23:00 საათების პერიოდში ნებადართულია მხოლოდ მოკლე საბმელით ან საბმელით და ალიკაპით. იგივე კატეგორიის ცხოველების გასეირნება და გადაყვანა იგივე კატეგორიის ადგილებში23:00 –07:00 საათების პერიოდში ნებადართულია ალიკაპით, საბმელის გარეშეც“, - ნათქვამია ვეტერინარული კლინიკა „მარკოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.