გორმა, პირველად, ძიუდოს წლის მთავარ საკლუბო ტურნირს, ევროპის ჩემპიონთა ლიგას უმასპინძლა.
მანამდე კი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი რწმუნებულის მოადგილესთან თემურ ხუბულურთან და გორის მუნიციპალიტეტის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან ერთად, ევროპის ძიუდოს ფედერაციის (EJU) პრეზიდენტს ლასლო ტოტის, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს გიორგი ათაბეგაშვილს და სხვა ოფიციალურ პირებს სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვდა.
სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარის რწმუნებულმა ხაზი გაუსვა გორისთვის და მთლიანად, რეგიონისთვის ჩემპიონატის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს ამ შესაძლებლობისთვის. „გორი სპორტული ტრადიციების ქალაქია, განსაკუთრებით კი - ჭიდაობის კუთხით. ამ ქალაქს არაერთი ჩემპიონი აღუზრდია და აღნიშნული ტურნირიც ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია“, - აღნიშნა მიხეილ შაყულაშვილმა.
ცნობისთვის, ჩემპიონატი ევროპის ძიუდოს კავშირის, საქართველოს ძიუდოს ფედერაციისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა და ლეგენდარული ფალავნის - შოთა ჩოჩიშვილის ხსოვნას მიეძღვნა. ჩემპიონატში ევროპის ძიუდოს უძლიერესი კლუბები მონაწილეობდნენ.
ტურნირის გამარჯვებული თბილისის ,,მებრძოლი“ გახდა, „გოლდენ გორმა“ კი ჩემპიონთა ლიგაზე მესამე საპრიზო ადგილი უკვე მესამედ მოიპოვა.
ქალთა შორის შეჯიბრებაში ჩემპიონი ფრანგული კლუბი „უსოლჟი“ გახდა.