საზოგადოება
28.11.2022 10:58
2023 წლიდან მეფუტკრე ფერმერები იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცესში ჩაერთვებიან
სურსათის ეროვნული სააგენტო, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ცხოველთა რეგისტრაციის ეროვნული სისტემის (NAITS) პროექტის მხარდაჭერით, 2023 წლიდან საფუტკრე მეურნეობების რეგისტრაციას უსასყიდლოდ უზრუნველყოფს.
საფუტკრე მეურნეობის რეგისტრაციისთვის ფერმერებმა სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ/მუნიციპალურ ოფისებს უნდა მიმართონ.
ფერმერთა ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, მომზადდა შესაბამისი საინფორმაციო მასალაც. სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ცხოველთა რეგისტრაციის ეროვნული სისტემის პროექტის წარმომადგენლები მეფუტკრე ფერმერებთან რეგულარულ შეხვედრებს უკვე მართავენ.
„აღსანიშნავია, რომ იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია ხელს უწყობს ცხოველური წარმოშობის პროდუქტის მიკვლევადობის სისტემის დანერგვას, რაც სურსათის უვნებლობის ჯაჭვში უმნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენს; ასევე, ფერმერებს საშუალებას აძლევს, ჩაერთონ და ისარგებლონ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამით, აწარმოონ კონკურენტუნარიანი პროდუქცია და შეუფერხებლად მოახდინონ მისი რეალიზაცია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე“, - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
კვირის ამბები