სამართალი
28.11.2022 10:45
მონასტერში ჩადენილი ყაჩაღობის და გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ხაშურისა და სურამის ეპარქიაში, მონასტერში ჩადენილი ყაჩაღობის და მონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ ორი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ხაშურის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს.

ბრალდებულების ინტერესებს საზოგადოებრივი ადვოკატი იცავს.

იურიდიული დახმარების გორის ბიუროს ხელმძღვანელის, საზოგადოებრივი ადვოკატის გიგა ჯეირანაშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან.

,,წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან, რაც შეეხება საქმის სხვა დეტალებს, არ საუბრობენ და დუმილის უფლებას იყენებენ“, - განაცხადა გიგა ჯეირანაშვილმა.

შეგახსენებთ, შემთხვევა ხაშურის მუნიციპალიტეტში 25 ნოემბერს მოხდა, ორი პირი სამართალდამცავებმა 26 ნოემბერს დააკავეს. პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი მონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტებზე წარუდგინა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში (საცხოვრებელ კელიაში) უკანონო შეღწევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

,,ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საქართველოს პროკურატურა მსგავს დანაშაულებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს და ძალადობის ჩამდენი ყველა პირი კანონის ფარგლებში უმკაცრესად დაისჯება“, - აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რაც შეეხება მომხდარის დეტალებს, პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ნოემბერს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში მდებარე ეკლესიის საცხოვრებელ კელიაში ორი პირი თავს დაესხა მონაზონს და ძალადობის მუქარით მოსთხოვეს ფული და ძვირფასეულობა.

„უარის მიღების შემდეგ, აღნიშნულმა პირებმა, მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ძალადობით, ჯგუფურად გააუპატიურეს. ასევე, მონაზონს წაართვეს მობილური ტელეფონი, კვლავ სცემეს და დატოვეს უგონო მდგომარეობაში. ბრალდებულებმა ეკლესიიდან წაიღეს შესაწირი ყუთები მასში მოთავსებული ფულადი თანხით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცავებმა ბრალდებულები 26 ნოემბერს დააკავეს.

კვირის ამბები