ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ლ.ლ-მ ყოფილ მეუღლეს, 1991 წელს დაბადებულ ბ.ნ.-ს, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბ.ნ. ადგილზე გარდაიცვალა“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცული ამოიღეს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ შემთხვევამდე, მოკლულსა და ბრალდებულს შორის შესაძლო კონფლიქტის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინება არ შესულა, შესაბამისად, არ გაცემულა შემაკავებელი ორდერი.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამში შემთხვევა გუშინ, 18 იანვარს დილით მოხდა. გარდაცვლილს თავის არეში ნაჯახით მიყენებული მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.