25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს აღნიშნავს.
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის, დოქტორ ნატალია კანემის განცხადებით, დღეს, მსოფლიოში, ქალებსა და გოგოებზე ძალადობენ ოჯახებში, სკოლებში, სამუშაო ადგილებზე, პარკებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ონლაინსივრცეში.
ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ქალების უფლებები და არჩევანი მეორეხარისხოვნად განიხილება კაცების უფლებებთან და არჩევანთან შედარებით, - ამის შესახებ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორი, დოქტორ ნატალია კანემი აცხადებს. ინფორმაციას გაეროს მოსახლეობის ფონდი ავრცელებს.
,,ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა ჯერ კიდევ ბევრ მათგანს ტოვებს ღირსებისა და კეთილდღეობის მიღმა და ართმევს მშვიდობიანი ცხოვრების უფლებას. ეს გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ქალების უფლებები და არჩევანი მეორეხარისხოვნად განიხილება კაცების უფლებებთან და არჩევანთან შედარებით, და იქამდე, ვიდრე მათი სხეული მათივე საკუთრებად არ იქნება მიჩნეული.
თითქმის არ დარჩა სივრცე და ადგილი, სადაც ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა არ იჩენს თავს. ქალებსა და გოგოებზე ძალადობენ ოჯახებში, სკოლებში, სამუშაო ადგილებზე, პარკებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სპორტულ მოედნებზე და, სულ უფრო და უფრო, ონლაინსივრცეში. ქალები და გოგოები ვერსად გრძნობენ თავს სრულიად უსაფრთხოდ და დაცულად. მათ მიმართ ძალადობა რჩება მსოფლიოში ყველაზე მოუშორებელ, ყველაზე დამანგრეველ, ადამიანის უფლებების ყველაზე შეუმჩნეველ და უგულებელყოფილ დარღვევად.
ეს არის ჩვენი რეალობა, მიუხედავად იმისა, რომ ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა სრულიად ექვემდებარება აღკვეთას. ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ ეს კრიზისი იმით, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ და ვიმოქმედოთ იმ ადამიანების მხარდამხარ, რომელთა რაოდენობაც დღითიდღე იზრდება, რომლებიც ხმას იმაღლებენ და სკანდირებენ „კმარა“. ყველა ადამიანს აქვს სხეულის ავტონომიის უფლება, უფლება იცხოვროს უსაფრთხოდ და იგრძნოს თავი დაცულად.
დღეს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, გაეროს მოსახლეობის ფონდი, გაეროს პარტნიორების გვერდით და გაეროს გენერალური მდივნის ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისადმი მიძღვნილი კამპანიის მხარდამჭერთა შორის დგას და მოუწოდებს მთავრობებსა და მოკავშირეებს, იმოქმედონ დაუყოვნებლივ, რათა წერტილი დაესვას ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის ყველა არსებული ფორმას“, - აღნიშნულია ნატალია კანემის განცხადებაში, რომელსაც გაეროს მოსახლეობის ფონდი ავრცელებს.