გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი სოფელ დიცში გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ადგილობრივები წლების წინ გასხვისებული მიწის ნაკვეთის გამო შეიკრიბნენ და ხელისუფლებას დახმარება სთხოვეს.
საკითხთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტის მერი დიცში ჩავიდა მოსახლეობას შეხვდა.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა შეკრებილებს განუმარტა, რომ აღნიშნული მიწის ფართობი 2011 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გასხვისდა და პრობლემის გადასაჭრელად ერთადერთი გზა საკითხის სასამართლოში გარკვევაა.
„ჩვენ ვიცავთ, როგორც მოსახლეობის, ასევე კერძო მესაკუთრის ინტერესებს, პირადად შევხვდი ადგილობრივებს და ვისაუბრეთ. პრობლემის გადაწყვეტა ასეთ შემთხვევაში სასამართლოს გზით დავაა. ვაცხადებ, რომ აღნიშნული მიწა 2011 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს იქნა გაყიდული, ამის დასტურად არსებობს ოფიციალური დოკუმენტებიც. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ტერიტორიის გასხვისებასთან ჩვენს ხელისუფლებას კავშირი არ აქვს“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა.