პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ ბუკინგემს რამდენიმე დღის წინ მიმართეს და განაცხადეს, რომ სამეფო ოჯახის წევრების სტატუსზე უარის თქმას აპირებდნენ და გეგმავდნენ, რომ ემუშავათ და ფინანსურადაც დამოუკიდებლები ყოფილიყვნენ. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ბუკინგემის სასახლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ,,მისი სამეფო უმაღლესობის“ ტუტულით აღარ ისარგებლებენ და სახელმწიფო სახსრებსაც აღარ მიიღებენ.
ბუკინგემის სასახლემ გაავრცელა დედოფალ ელისაბედ II-ის განცხადებაც.
„რამდენიმე თვიანი საუბრებისა და ბოლოდროინდელი დისკუსიების შემდეგ, მოხარული ვარ, რომ ერთად ვიპოვეთ კონსტრუქციული და მხარდამჭერი გზა ჩემი შვილიშვილისა და მისი ოჯახის მომავლისთვის.ჰარი, მეგანი და არჩი ყოველთვის იქნებიან ჩემი ოჯახის საყვარელი წევრები. ვაცნობიერებ იმ გამოწვევებს, რაც მათ წინაშე იდგა განსაკუთრებული ყურადღების გამო ბოლო ორი წლის განმავლობაში და მხარს ვუჭერ მათ სურვილს, ჰქონდეთ უფრო დამოუკიდებელი ცხოვრება. ჩემი ოჯახი იმედოვნებს, რომ დღევანდელი შეთანხმება მათ საშუალებას მისცემს, ახალი, ბედნიერი და მშვიდი ცხოვრება დაიწყონ“, - ნათქვამია დედოფლის წერილში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სხვადასხვა შეხვედრაზე, ჰარის და მეგანის წყვილი დედოფალს ოფიციალურად ვეღარ წარმოადგენს.