გორის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია უკვე წარედგინა საკრებულოს განსახილველად. რაც შეეხება წამყვან საკითხებს, რომლებსაც უპირატესობა გორის მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შედგენისას მიენიჭა, ინფრასტრუქტურის განვითარება; დასუფთავება და გარემოს დაცვა; განათლება; კულტურა, ახალგაზრდობა, სპორტი; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა და ეკონომიკური განვითარებაა.
„გორის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი მომზადდა 2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტისა და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის (2023-2026 წწ.) მიხედვით. შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, არა უგვიანეს 25 ნოემბრისა, წარმომადგენლობითი ორგანო მერიას დოკუმენტს უკან დაუბრუნებს რეაგირებისთვის.
აღმასრულებელ ორგანოს შენიშვნების გასათვალისწინებლად და საკრებულოში ბიუჯეტის პროექტის მორიგი ვერსიის წარსადგენად ვადა 10 დეკემბრამდე აქვს“, - აცხადებენ მერიაში.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, პრიორიტეტების დოკუმენტი ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციით და ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით შემუშავდა.
გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2023 წლის პროექტის პირველადი ვერსიის გაცნობა შესაძლებელია გაზეთ ,,გორის მაცნეს“ #43-44-ში ან ელექტრონულ მისამართზე: shorturl.at/aGIO6