საზოგადოება
22.11.2022 15:06
გიორგობის მოახლოებულ დღესასწაულთან დაკავშირებით, გორიჯვრის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

გიორგობის მოახლოებულ დღესასწაულთან დაკავშირებით, დასუფთავდა სოფელ გორიჯვრის და წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია, - აღნიშნულ ინფორმაციას ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს თანამშრომლებმა ფერდობიდან ჩამოშლილი მიწის მასისგან გაწმინდეს ტაძარამდე მისასვლელი საავტომობილო გზა და სანიაღვრე არხები.

„გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს მიერ ტაძრამდე მისასვლელი საავტომობილო გზა და ტროტუარები გაიწმინდა ფერდობიდან ჩამოშლილი მიწის მასისგან, დასუფთავდა სანიაღვრე არხები, გაითიბა ბალახი, გამოიცვალა საგზაო უსაფრთხოების დაზიანებული სარკეები. დღესასწაულზე, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დამატებით განთავსდება ნაგვის ურნები“, - ნათქვამია ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ, 23 ნოემბერს წმინდა დიდმოწამე გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და იგი საქართველოში გამორჩეულად უყვართ.

გიორგობას განსაკუთრებულად აღნიშნავენ გორში. მორწმუნეთა უმრავლესობა გორიჯვრის მთაზე მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მიდის მოსალოცად.

კვირის ამბები