მწვანე და სოციალური მეწარმეობის იდეათონის კონკურსში გამარჯვებულები ცნობილია. პროექტში სახელწოდებით - „გარდაქმენი გამოწვევა შესაძლებლობად“ - გორის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი.
როგორც „გორის მაცნესთან“ ორგანიზაცია CENN-ის კოორდინატორმა გორში, ირმა კიტრიაშვილმა აღნიშნა, იდეათონი CENN-ის ორგანიზებით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და საქართველოში სამეწარმეო გზით არსებული სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრას ისახავს მიზნად.
„იდეათონის კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგები სამეწარმეო და გარემოსდაცვით საკითხებზე. ინტენსიური ტრენინგმოდულების გავლის შემდეგ, გამოცდილი მენტორების დახმარებით, მოსწავლეებმა იდეები ბიზნესმოდელებად აქციეს, რომლებიც შემდგომ ჟიურის წარუდგინეს.
ჟიურიმ სამი საპრიზო ადგილი გამოავლინა, გამარჯვებულ გუნდებს გადაეცემათ 1000, 800 და 600 ლარი“, - აღნიშნა კიტრიაშვილმა.
I ადგილი - გორის 1-ელი საჯარო სკოლის 12 წლის მოსწავლემ, გივიკო აბალაკმა მოიპოვა, რომელსაც კერამიკული საწარმოს გახსნა სურს.
II საპრიზო ადგილი გორის მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: ნიკოლოზ მიდელაშვილმა, მარიამ ალექსიძემ და სოფო ცერცვაძემ მოიპოვეს, რომლებიც მეორადი ქაღალდის გამოყენებით მისალოცი ბარათების დამზადებას, მასში მოთავსებული სხვადასხვა მცენარის თესლისგან კი ახალი მცენარის აღმოცენების იდეის განხორციელება სურთ.
III საპრიზო ადგილი ხიდისთავის საჯარო სკოლას ერგო, რომლის მოსწავლეებსაც დაგეგმილი აქვთ ეკო თოჯინების დამზადება ტექსტილის ნარჩენით.
ჟიურიმ, ასევე, გამოავლინა საუკეთესო პრეზენტატორი - გორის კერძო სკოლა „ეისის“ მოსწავლე დავით ლომიძე, რომლის იდეაც პოლიეთილენის პარკებისგან საწვიმარი სამოსის შექმნა იყო.
ცნობისთვის, იდეათონი ორგანიზებული იყო ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის საზღვრისპირა რეგიონებში“ ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია CENN- ი ახორციელებს.