საზოგადოება
17.01.2020 17:59
ნადარბაზევის სასმელი წყლით უზრუნველყოფის პროექტის განხორცილება იწყება

2020 წლის ივლისის ბოლომდე სოფელ ნადარბაზევის მოსახლეობას სასმელი წყალი შეუფერხებლად უნდა მიეწოდოს. ოთხი თვის ვადაში განსახორციელებელ პროექტზე გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

პროექტი, რომლის სატენდერო ღირებულება 457 090 ლარია, ძირითადად, საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება (95%), ადგილობრივი ბიუჯეტი კი, 5%-იან თანამონაწილეობაში შევა.

პროექტი ითვალისწინებს ჭაბურღილის, საქლორატორო სადგურის, სადაწნევო კოშკისა და შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობას, ასევე, ინდივიდუალური წყლის მრიცხველების დამონტაჟებას.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფელში მცხოვრები 120-ზე მეტი ოჯახი შეუფერხებლად მიიღებს სასმელ წყალს. დღემდე კი, ნადარბაზეველები სასმელ წყალს რამდენიმე კილომეტრიდან ეზიდებიან. მხოლოდ მცირე ნაწილია, ვინც ჭით სარგებლობს.

ნადარბაზევის წყლით უზრუნველყოფის პროექტის განხორცილება მიმდინარე წლის მარტიდან დაიწყება და ივლისის ბოლოს უნდა დასრულდეს.

კვირის ამბები