საზოგადოება
21.11.2022 16:53
გორში ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა დაიწყო, პირველი შეხვედრა ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი განიხილეს, რომელსაც საკრებულოს წევრები, არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლები და დაინტერესებული საზოგადოება ესწრებოდა.

2023 წლის ბიუჯეტის დეტალებზე გორის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა დალი ტლაშაძემ ისაუბრა.

ტლაშაძის ინფორმაციით, გასულ წლებთან შედარებით, ბიუჯეტი გაზრდილია.

დოკუმენტის მიხედვით, ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში 65 მილიონი ლარით არის განსაზღვრული, პრიორიტეტებად განისაზღვრა შემდეგი მიმართულებები: ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, კულტურა, ახალგაზრდობა, სპორტი, დასუფთავება, გარემოს დაცვა და ეკონომიკური განვითარება.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანმა ვერიკო ბიწაძემ „გორის მაცნესთან“ საუბარში აღნიშნა, ბიუჯეტის პროექტის განხილვა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებების პირველი შეხვედრაა, რომელშიც, უმეტესად, ქალები მონაწილეობენ.

„გენდერული თანასწორობის საბჭო მუდმივად ატარებს საინფორმაციო შეხვედრებს ქალებისთვის. ვიკვლევთ იმ პრობლემებს, რომლებსაც ქალები ადგილზე ხვდებიან. შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის სკრებულოს და, ამავდროულად, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის მიერ ხდება მუნიციპალიტეტის მერის ინფორმირებულობა და შესაბამისად, ამ დეტალების ბიუჯეტში გათვალისწინება.

რაც შეეხება აღნიშნულ შეხვედრას, ქალებს მიეცათ საშუალება, დაესვათ კითხვები და მიეღოთ პასუხები, რამდენადაა გათვალისწინებული მათი პრობლემების მოგვარების საკითხები ბიუჯეტის პროექტში“, - აღნიშნა ვერიკო ბიწაძემ.

 

კვირის ამბები