გორის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა, მუნიციპალიტეტის მერთან, ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან ერთად მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. სხდომას ასევე ესწრებოდნენ პასუხისმგებელი პირები გორის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო და ინფრასტრუქტურის განყოფილებიდან - დალი ტლაშაძე, გიგა ბერიძე და გუჯა გეგელაშვილი.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხებზე მსჯელობა: გორის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებების განხილვა; გორის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების მიმდინარე პროცესები; კულტურისა და დასვენების პარკი "ახალბაღის" მიმდინარე მდგომარეობის განხილვა; მუნიციპალური ტრანსპორტის ეფექტური მუშაობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების განხილვა; ქალაქის ქუჩების სახელდების შესახებ მოძიებული ინფორმაციის ანალიზი და სანიაღვრე არხების გაწმენდის და ნაგავსაყრელების საკითხი;
შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს წინა სხდომებზე მიწოდებული რეკომენდაციების საკითხი. როგორც გორის მერიაში აცხადებენ, შეთავაზებული ინიციატივებიდან უმრავლესობა უკვე განხორციელდა ან შესრულების პროცესშია.