17.01.2020 15:05
გორის ქალთა კამერული გუნდი ქეთი მელუასთან ერთად მორიგ ალბომს გამოუშვებს
გორის ქალთა კამერული გუნდი, დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველ მომღერალთან, ქეთი მელუასთან ერთად ახალ მუსიკალურ ალბომს გამოუშვებს. ცნობილი შემსრულებელი საქართველოს ხმის ჩასაწერად უცხოელ პროდიუსერებთან ერთად ეწვია და მუშაობას უკვე შეუდგა. მელუას თქმით, უცხოელი პროდიუსერების საქართველოში ჩამოყვანის მთავარი მიზანი, მათთვის ქართული სტუდიების შესაძლებლობის გაცნობაა. რაც შეეხება ქალთა კამერულ გუნდს, შეგახსენებთ, რომ ეს უკვე მეორე ერთობლივი მუსიკალური პროექტია, რომელშიც ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი ვარსკვლავი გორის ქალთა გუნდთან ერთად მონაწილეობს.
ქეთი მელუას და გორის კამერული გუნდის პირველი ალბომი, სახელწოდებით - „In Winter“ („ზამთარში”), 2016 წლის ოქტომბერში, საქართველოში ჩაიწერა. ამავე პროექტის ფარგლებში, შემსრულებლებმა გერმანიაში, ჰოლანდიაში, საფრანგეთში, დანიაში, შვედეთში, პოლონეთში, შვეიცარიაში, ბელგიასა და დიდ ბრიტანეთში 28 მუსიკალური კონცერტიც გამართეს.