გორის თეატრში დაცულ სამ გრაფიკულ ნამუშევარს, რომლის ავტორიც პოლონური წარმოშობის ქართველი მხატვარ-ფუტურისტი, წიგნების ილუსტრატორი და თეატრალური დიზაინერი კირილე ზდანევიჩია(1892-1967 წწ.) რესტავრაცია ჩაუტარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გ. ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი ავრცელებს.
„გვინდა, დიდი სიხარულით გაცნობოთ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსში გამარჯვებული პროექტის - „კირილე ზდანევიჩის დაბადებიდან 130“ წლისთავისადმი მიძღვნილი სახვითი ხელოვნების საერთაშორისო კონკურსის - „არტისტული წიგნი“ ფარგლებში, რესტავრაცია ჩაუტარდა გიორგი ერისთავის სახელობის გორის პროფესიულ სახელმწიფო დრამატული თეატრში დაცულ კირილე ზდანევიჩის სამ გრაფიკულ ნამუშევარს.
პროექტის ფარგლებში, თბილისის სამხატვრო აკადემიის შენობაში მოწყობილ გამოფენაზე - „კირილე“, კ.ზდანევიჩის სხვა ნამუშევრებთან ერთად, წარმოდგენილი იყო გორის დრამატულ თეატრში დაცული ნამუშევრები: „ციხე-სიმაგრის ნანგრევები“ და „მეტეხი და ნარიყალა“, დღეიდან, 21 ნოემბრიდან კი, აღნიშნული შედევრები ისევ გ. ერისთავის დრამატულ თეატრს დაუბრუნდება“, - აცხადებენ გორის თეატრში.