1946 წლამდე, კომბინატის დასახლების ტერიტორია სოფელ ტინისხიდის შემადგენლობაში შედიოდა.
გორის ადგილობრივ არქივში დაცული დოკუმენტების მიხედვით, 1946 წლის 8 ივლისის ქალაქის საბჭოს სესიის ოქმის თანახმად, სოფელ ტინისხიდის ტერიტორიიდან გამოყოფილი იქნა 70 ჰექტარი მიწა საფეიქრო კომბინატის მშენებლობისათვის.
კომბინატის მშენებლობა 1947 წელს დაიწყო, სპეციალისტები გორში იმჟამინდელი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკიდან ჩამოჰყავდათ, შესაბამისად, კომბინატში თავი მოიყარა სხვადასხვა ეროვნების ხალხმა.
1948 წლიდან დაწყებულა საცხოვრებელი სახლების მშენებლობა ბამბეულის საფეიქრო კომბინატში დასაქმებული ათასობით ადამიანისთვის, ასე დაიწყო გორის დასავლეთ ნაწილის - კომბინატის დასახლების განაშენიანება.
შემდგომ წლებში, კომბინატის დასახლება ყოველწლიურად იზრდებოდა.
1953 წლიდან მოქმედებდა სპორტდარბაზი, ფიზკულტურული კოლექტივი ,,კრასნაია ზნამია“.
1954 წელს, ბამბეულის ქსოვილების ტერიტორიაზე გახსნილა რვაწლიანი რუსული სკოლა და ასევე ქართული დაწყებითი სკოლა.
1955 წლიდან ამოქმედებულა მედიკო-სანიტარული ნაწილი, საბავშვო ბაღები, პროფესიული სასწავლებელი, ჩოგბურთის კორტები და სხვა.
1986 წელს დაიწყო ფუნქციონირება ბამბეულის საწარმოო გაერთიანების კულტურის სახლმა.
გორის ბამბეულის კომბინატის საფეიქრო კომბინატი წელიწადში რამდენიმე სახეობის 30-35 მილიონ მეტრამდე ბამბეულის ქსოვილს უშვებდა: ნარმა, ფლანელი, შოტლანდურა, პიკე და სხვ.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1996 წლიდან, ბამბეულის ქსოვილების კომბინატში საწარმოო პროცესი მოიშალა და ნგრევა დაიწყო. არსებული ინფორმაციით, ქარხანაში არსებული ინვენტარი, ძვირადღირებული დაზგები, ლითონები და სხვა მასალები თურქეთში გაიტანეს სარეალიზაციოდ, სამშენებლო მასალების ნაწილი კი აქვე გაიყიდა.