ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრება იგეგმება. შსს-ის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიხედვით, ცივი იარაღის ტარებისთვის ჯარიმები იზრდება.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, ბოლო პერიოდის ანალიზის შედეგად, ცივი იარაღით დანაშაულის ჩადენის რაოდენობის ზრდის ტენდენცია გამოიკვეთა, რის გამოც, საჭიროა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების განხორციელება.
„სამწუხაროდ, ბოლო წლის განმავლობაში, მკვლელობების 53% ჩადენილი იქნა ცივი იარაღით, გარდა ამისა, მკვლელობის მცდელობის 32% ჩადენილ იქნა ცივი იარაღით. საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც დღეს გვაქვს, სამწუხაროდ, ცივი იარაღის ტარების პრევენციას ვერ უზრუნველყოფს, რაც საბოლოო ჯამში, შემდგომში იწვევს იმ მძიმე დანაშაულებს, რაც საზოგადოებაში ხდება. სტატისტიკისთვის რომ გითხრათ, წელს ცივი იარაღის ტარებისთვის გამოძიება 417 საქმეზე გვაქვს დაწყებული და 3289 ცივი იარაღის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გვაქვს გამოვლენილი, რაც რეკორდული მაჩვენებელია ყველა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ გადაიხედოს ეს საკანონმდებლო რეგულაციები და გამკაცრდეს ცივ იარაღთან დაკავშირებული ნორმები“, – განაცხადა დარახველიძემ.
საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ჯარიმა ცივი იარაღის ტარებისთვის 200-დან 500 ლარამდე გაიზრდება. ამასთან, ცივი იარაღის ტარების შემთხვევებს, დაემატოს ცივი იარაღის იმგვარად ფლობა, როდესაც შესაძლებელია მისი დაუყოვნებლივი გამოყენება. კერძოდ, დარახველიძის განმარტებით, დღეს ცივი იარაღის ტარებისთვის ისჯება პირი, თუ მას დანა სხეულზე აქვს დამაგრებული ან ჯიბეში აქვს, თუმცა, თუ ჩანთაში უდევს, ამ შემთხვევაში მისი დაჯარიმება არ ხდება.
„ე.წ. ბარსეტკებით ხდება ცივი იარაღის გადატანა ანუ სხეულზე იმგვარად აქვთ დამაგრებული ჩანთა, რომ მარტივად ხდება დანის მოქმედებაში მოყვანა. როცა სხვადასხვა მძიმე დანაშაულის შემთხვევები გავაანალიზეთ, აღმოვაჩინეთ, რომ სწორედ ამ გზით ცდილობდნენ თავი აერიდებინათ სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან. ვიდრე არ იქნება საკანონმდებლო ჩანაწერი, ბუნებრივია, ჩვენ ვერ უზრუნველვყოფთ ამის ეფექტიან აღსრულებას“, – აღნიშნა შს მინისტრის მოადგილემ.
კანონს ემატება ჩანაწერი ცივი იარაღის კონფისკაციასთან დაკავშირებითაც.
ცნობისთვის, ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, ცივი იარაღის ტარებისთვის, პირი, პირველ ჯერზე, ადმინისტრაციული წესით ჯარიმდება 200 ლარით.
განმეორების შემთხვევაში, 1000-ლარიანი ჯარიმა ან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული. მესამე ჯერზე გათვალისწინებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 6 თვის ვადით. ხოლო იმ პირის მიერ, ვინც არის ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, ამ შემთხვევაში მისთვის გათვალისწინებულია 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.