საქართველოში შინაური ცხოველების ცოფით დაავადების ორი ფაქტი დაფიქსირდა, ორივე შემთხვევა ბოლო ორი კვირის განმავლობაში დედაქალაქში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში ინფიცირებული ძაღლი პატრონიანი იყო.
დაავადების პრევენციის ერთადერთი გზა ცხოველთა ვაქცინაციაა, თუმცა, როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხოველთა ინფექციურ დაავადებებზე ზედამხედველობის სამმართველოში ამბობენ, არის შემთხვევები, როცა მოსახლეობა სპეციალისტებს ცხოველის აცრაზე უარს ეუბნება, რაც ცოფის გავრცელების რისკს ქმნის. მაშინ, როცა საქართველოში ცოფი ენდემურია და აღნიშნული ვირუსი გამუდმებით ცირკულირებს ქვეყანაში.
ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპეციალური სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელი, თამარ აფციაური GMnews-თან საუბრისას ამბობს, რომ გორში ცხოველთა ცოფით დაავადების შემთხვევები ბოლო წლების განმავლობაში არ დაფიქსირებულა.
„ჩვენი სააგენტო გამუდმებით ახორციელებს მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობასა და მათი პოპულაციის მართვას, შესაბამისად, გარდა იმისა, რომ ვახორციელებთ დაწესებულებაში მოხვედრილი ცხოველების დაჩიპვას, კასტრირებასა და შესაბამისი აცრების ჩატარებას, ამავდროულად, პერიოდულად ხდება ცხოველების ანტირაბიული ვაქცინაციაც. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული აცრა ცხოველს მხოლოდ ერთი წლით იცავს ვირუსული ინფექციისგან, ჩვენ ეტაპობრივად ვახორციელებთ ცხოველთა ვაქცინაციას. რაც შეეხება ე.წ. პატრონიან ცხოველებს, ამ შემთხვევაში, მათ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე სწორედ პატრონია პასუხისმგებელი. ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ყოველწლიურად ცრიან ცხოველებს ცოფზე და თანაც, აღნიშნული ვაქცინა არის უფასო“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას თამარ აფციაურმა.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს 300 000-მდე ძაღლისა და კატის უფასო ვაქცინაციას. უწყების ცნობით, გატარებული ღონისძიებების საფუძველზე, ცოფის შემთხვევები 70%-მდე შემცირდა.
მაღალი რისკის ცხოველებს მიეკუთვნება მონადირე ცხოველები, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რისკის ქვეშ სხვა ძაღლი და კატა არ არის, რომელიც სახლის პირობებში ცხოვრობს, აქედან გამომდინარე, სპეციალისტები შინაური ცხოველების აცრას გვირჩევენ.