როგორც გორის არქივში დაცული დოკუმენტებიდან ირკვევა, გორის მაზრაში გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან დაწყებულა სავაჭრო საკითხებზე რეგულაციების დაწესება.
გორის ადგილობრივი არქივის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ქეთევან მაჭარაშვილის ინფორმაციით, სამაზრო აღმასკომის სავაჭრო განყოფილება გორში 1923 წელს დაარსებულა.
როგორც მაჭარაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნავს, სავაჭრო საწარმოების სამუშაო დროის განსაზღვრასა და ფასების მომატების აკრძალვაზე გადაწყვეტილებები 1925-27 წლებში გამოიცა.
1923 წელს დაარსდა სამაზრო აღმასკომის სავაჭრო განყოფილება, ამავე წელს გამოიცა სავალდებულო დადგენილება სავაჭრო შენობების წინ ფარნების გამოკიდვაზე, 1925 წელს კი გამოიცა დადგენილება სავაჭროების გაღება-დაკეტვაზე - სავაჭრო წარმოებათა სამუშაო დროს განსაზღვრაზე.
1921-1925 წლებში, ქ. გორის შეძლებული ვაჭრების ნაწილს ჩამოერთვათ დარაბები, სადაც განთავსდა სახელმწიფო დაწესებულებები. ამასთანავე, როგორც არქივში დაცული დოკუმენტებით ირკვევა, ვაჭრებს ჩამორთმეული ჰქონდათ საარჩევნო ხმის უფლება, მათი განცხადებების განხილვის შემდგომ, ხდებოდა ამ უფლების აღდგენა.
ქალაქში ვაჭრობის უფლება ჰქონდათ მხოლოდ მაშინ, თუ ფლოვდნენ სახელმწიფო კოოპერატიულ ან კერძო სავაჭრო-სამრეწველო წარმოებების სარეწავ მოწმობებს.
1926-1927 წლებში ჩატარებულა ვაჭრობის საყოველთაო აღრიცხვა, რა დროსაც მაზრაში არსებული სავაჭრო დაწესებულებების და კოოპერატივების რაოდენობის აღრიცხვა მომხდარა.
1924 წელს დაარსდა მაზრის შინა-ვაჭრობის კომისია, რომელიც არეგულირებდა ფასებს და გასაყიდი საქონლის ნიხრს (ნიხრი - სხვადასხვა საქონლის დაწესებული ფასები, სხვადასხვა გადასახადის ნორმები, ტარიფი).
აღნიშნულმა კომისიამ 1927 წელს გამოსცა სავალდებულო დადგენილება ფასების მომატების აკრძალვაზე.
რაც შეეხება შერეულ, უნივერსალურ, გასტრონომიულ მაღაზიებს, გორში 40-იან წლებში გახსნილა.
ქალაქის ყველაზე დიდი სავაჭრო ობიექტი - გორის უნივერმაღის შენობა კი 1957 წლის 1-ელ ოქტომბერს შესულა ექსპლუატაციაში.