საზოგადოება
17.11.2022 12:14
„ე.წ. გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე მოწყვლადი თემის შესაძლებლობების გაძლიერება და გამოწვევები“ - გორში კონფერენცია გაიმართა

გორში კონფერენცია გამართა სახელწოდებით - „ე.წ. გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე მოწყვლადი თემის შესაძლებლობების გაძლიერება და გამოწვევები“.

ღონისძიებაში მონაწილეობა შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, სოფლის განვითარების სააგენტოს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა პირებმა, მეწარმეებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, კონფერენცია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და შემდეგ საკითხებს მოიცავდა: ქალები და ახალგაზრდები ადმინისტრაციულ საზღვარზე განლაგებულ თემებში; როგორია ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე თემების სასოფლო სამეურნეო და ინფრასტრუქტურული საჭიროებები; ადგილობრივი ცნობადობის, რეგიონალური ბრენდირების და აგროტურიზმის გაფართოება; ადმინისტრაციული საზღვრის თემების უსაფრთხოების ასპექტები, გამოწვევები, გარემოსდაცვითი საკითხები და მწვანე ინოვაციების დანერგვის პოტენციალი. გარდა ამისა, მომხსენებლებმა წარადგინეს პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები და რეკომენდაციები. ადგილობრივებს საკუთარი გამოცდილება ვიშეგრადის ქვეყნების (სლოვაკეთი, პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი) ექსპერტებმა გაუზიარეს.

,,ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ევროკავშირის ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობა, პარტნიორობა და საერთო პროექტების განხორციელება. ევროინტეგრაციის გზაზე გამოცდილებების გაზიარება ჩვენთვის დროული და აუცილებელია. როგორც იცით, შიდა ქართლის რეგიონის, ისევე როგორ მთელი ქვეყნის, უმთავრესი გამოწვევა ოკუპაცია და საოკუპაციო ხაზია. ეს პროექტი სწორედ საოკუპაციო ხაზთან მდებარე მოწყვლადი თემების შესაძლებლობების გაძლიერებას, არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას და ქალებისა და ახალგაზრდების ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზაცია ,,ქართლოსს“ და რა თქმა უნდა, სლოვაკეთის საელჩოს მხარდაჭერისთვის. ვიმედოვნებ, ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და არაერთ ერთობლივ და შედეგზე ორიენტირებულ პროექტს განვახორციელებთ“, - აღნიშნა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ სიმონ გულედანმა.

კონფერენცია SlovakAid-ის მიერ მხარდაჭერილ და MESA10-ისა და მეგობრობის ხიდი „ქართლოსის“ მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში გაიმართა.

კვირის ამბები